"სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი" - წულუკიანი
Tbilisi Daily
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის.
"მე მაქვს მოლოდინი, რომ 2021 წლის 21 იანვარი იქნება ძალიან დიდი დღე საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების და მოკვდინების საკითხში". - განაცხადა წულუკიანმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს რუსეთის წინააღმდეგ დავა და 21 იანვარი საბოლოო ვერდიქტის თარიღია.
„დიდი პალატა იტყვის საბოლოო სიტყვას და ეს ვერდიქტი არ საჩივრდება, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, ანუ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის აგვისტოს ომში მართალი. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო იმას იტყვის, რაც რეალობაა, რომ საქართველო რუსეთთან არის მართალი, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ეთნიკური წმენდის საკითხში, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამების, მოკვდინების საკითხში და მრავალ სხვა საკითხში, რომელზეც ჩვენ ვდაობდით. 200-ზე მეტი ახალი მტკიცებულება წარვადგინეთ 2013 წლიდან, მათ შორის გორში ჩამოვარდნილი ისკანდერის სახით, რომელიც ქვეყნიდან იყო გატანილი და დავაბრუნეთ ორი წლის წინ, როგორც მტკიცებულება." - დაამატა წულუკიანმა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს
#GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები