მადლიერების დღე დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა ოჯახებთან ერთად აღნიშნეს

Tbilisi Daily

მადლიერების დღე, ამერიკელებისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პანდემიის ფონზე, საკუთარ ოჯახებთან, სახლში, მშვიდ ვითარებაში აღნიშნეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა დღესასწაული დელავერის შტატში მდებარე პატარა ზღვისპირა ქალაქ რეჰობოთ-ბიჩში აღნიშნა, სადაც მას და მის მეუღლე ჯილს აგარაკი აქვთ. მათ სადღესასწაულო სადილზე ასევე უმასპინძლეს ქალიშვილ ეშლი ბაიდენსა და სიძეს. როგორც ჯო ბაიდენმა, მეუღლესთან ერთად, ვიდეომიმართვისას აღნიშნა, მისი ოჯახი ამ დღეს, ტრადიციულად, დიდ შეკრებას მართავს კუნძულ ნანტაკეტზე, მასაჩუსეტსის შტატში, მაგრამ წელს „პანდემიის გამო დელავერში ვიწრო წრეში აღნიშვნა გადაწყვიტეს“. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მას დღესასწაულების აღნიშვნა ფლორიდის შტატში, მარ-ა-ლარგოს კურორტზე უყვარს, თუმცა ამჯერად ის ვაშინგტონში დარჩა. ტრამპმა ამერიკელებს მადლიერების დღესასწაულზე სახლებში და სალოცავ ადგილებში გაერთიანებისკენ და ლოცვისკენ მოუწოდა. მადლიერების დღეს უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ.