„მშიბზია” - გამარჯობა აფხაზეთს დანარჩენი საქართველოდან

Sokhumi Daily

“მშიბზია“ აფხაზური სიტყვაა და ქართულად გამარჯობას, დღე მშვიდობისას ნიშნავს. 2016 წელს ქართველმა ახალგაზრდებმა აქცია - “შმაბზია” მოაწყვეს, მასში ჩართვის მსურველებს შეეძლოთ საკუთარ ფოტოზე გაეკეთებინათ წარწერა „მშიბზია“ ან ასეთ წარწერიანი პლაკატით გადაეღოთ ფოტო და ვებგვერდზე აეტვირთათ. ახალგაზრდების ჯგუფს, აქციის ფარგლებში, 8 000 მისალმების მოგროვება სურდათ, რადგან სწორედ ამდენი დღეა, რაც აფხაზებს არ მისალმებიან დანარჩენი საქართველოს მცხოვრებნი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბაჩო მებურიშვილის, განცხადებით, აფხაზეთთან მხოლოდ პოლიტიკური საუბრების დონეზე თუ სხვადასხვა ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში მყარდება ურთიერთობა, რაც საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ხუთმა ახალგაზრდამ, აფხაზებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის იმედით, სოციალური პროექტის განხორციელება გადაწყვიტა. ისინი ემიჯნებიან ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და არასამთავრობო ორგანიზაციას. ამბობენ, რომ იდეას საკუთარი მწირი ფინანსური რესურსით შეასხამენ ხორცს. “8 000-ზე მეტი დღეა, ჩვენ არ მივსალმებივართ ერთმანეთს, წესიერად არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, არ გვილაპარაკია ჩვეულებრივად, მეზობლურად, მეგობრულად. არ მიგვიქცევია ერთმანეთისთვის ყურადღება. სულ რაღაც ომის გახსენებით, არგუმენტებით, ძველი შეცდომების გახსენებით ვლაპარაკობთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს 8 000-დღიანი სივრცე, სიცარიელე მისალმებით ამოგვევსო და შეგვეგროვებინა ეს 8 000 მისალმება“, - განაცხადა ბაჩო მებურიშვილმა. ურთიერთობის მსგავსი ფორმით დაწყების მცდელობა მათ 2008 წელსაც ჰქონდათ, როცა აფხაზებს სოციალური ქსელის საშუალებით ახალი წელი მიულოცეს. ბაჩო მებურიშვილის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხმაურება იყო არაერთგვაროვანი - დადებითიც და უარყოფითიც. „მაგრამ, როდესაც ხვდებიან, რომ არაფერს არ მოითხოვ მათგან და ხვდებიან, რომ მათთან, უბრალოდ, საუბარი გინდა, იცვლება განწყობა და სხვანაირი საუბარი იმართება ხოლმე“, - განმარტავს ის. „მშიბზიასთვის“ სამზადისი ერთი წლის წინ - 2015წელს დაიწყო. აქციის ფარგლებში 1000-ზე მეტი ფოტო მოგროვდა, რომელთა ნაწილი მომხმარებლებმა თავად ატვირთეს ვებგვერდსა ან ფეისბუკზე, ნაწილი კი თავად ორგანიზატორებმა გადაიღეს რეგიონებში მოგზაურობისას. აფხაზებს საკუთარ ფოტოსთან ერთად მისალმება გაუგზავნა ზუგდიდელმა სალომე გარდავამაც. სალომე ამბობდა, რომ მისალმების კამპანიის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით შეიტყო. თავდაპირველად დაინტერესდა ახალი, როგორც თავად უწოდებს, კრეატიული ვებგვერდით, შემდეგ სიტყვა „მშიბზიას“ მნიშვნელობაც გაიგო და აქციას სიამოვნებით შეუერთდა. “ზოგადად, მივესალმები ისეთ ინიციატივას, რომელიც ორი არაუცხო ერის ერთმანეთთან დაახლოებას გულისხმობს და მიზნადაც ამას ისახავს. ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ეს იყო, ალბათ, თვითონ მოსახლეობიდან წამოსული კარგი ინიციატივა. შესაძლოა ზოგიერთი ერი უფრო მტრული განწყობით ყოფილიყო, მაგრამ მე მიხარია, რომ არ არის ასეთი განწყობა და ჩვენ უფრო სასიამოვნოდ და მეგობრულად ვუდგებით ამ საქმეს“, - ამბობდა სალომე გარდავა. „მშიბზიას“ ორგანიზატორები მიიჩნევდნენ, რომ აქციით გარკვეულ მიზანს უკვე მიაღწიეს. ბაჩო მებურიშვილის სიტყვებით, აფხაზები ალაპარაკდნენ, ჰქონდათ შეკითხვები და მათთან კონტაქტზე გამოდიოდნენ. ვებ-გვერდზე საბოლოოდ სამი ათასზე მეტი ფოტო იყო ატვირთული რა პასუხი მოჰყვა “შმაბზიას”? თანამოაზრეთა ჯგუფი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა პორტალი, მზად იყო აფხაზური მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციისთვის. მათი სიტყვებით, ისინი ცდილობდნენ ფოტოების გავრცელებას აფხაზეთში ყველაზე პოპულარულ ბლოგერებსა და სოციალური ქსელების მომხრმარებელთა შორის. ერთ-ერთმა მათგანმა, როინ აგრბამ, „მშიბზიას“ აქციის საპასუხოდ მოიფიქრა კონტრაქციის მოწყობა სახელწოდებით „აბზიარაზ“ – ნახვამდის! მისი იდეა ფეისბუკის მომხმარებელთა უმეტესობამ მოიწონა, რაც აისახა კიდეც მისი პოსტის კომენტარებში. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, სახელად ნადეჟდა წერდა: „აბზიარას გვერდით მივუწეროთ მშვიდობით და ხელი დავუქნიოთ.“ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აქციის იგნორიებისა და მისთვის დიდი მნიშვნელობის არმინიჭების წინადადებით გამოვიდნენ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახელად თემურმა ასეთი შეკითხვაც კი დასვა: „როდის გაბედავენ და დაწერენ – აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.“ იყო რამდენიმე ნაკლებად კატეგორიული კომენტარიც, მაგალითად მომხმარებელმა სახელად მუხადინმა დაწერა: „ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ენის ნოსტალგია. ერთმანეთს ყოველ დღე რამდენჯერმე ვეუბნებით – მშიბზია, ასე რომ ჩათვალოთ, რომ მათ ერთ დღეში გავუსწარით“. იყო განსხვავებული შეფასებებიც. მაგალითად, სოციალური ქსელის მომხმარებელმა სახელად ლეონიდმა თავის კომენტარში დაწერა: „ყოჩაღ, გადადგეს პირველი ნაბიჯი, სხვა საკითხია რამდენად სწორად და გულწრფელად მოხდება ამის გაგება, თუ ეს მართლა ფლეშმობია? ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.“ მომხმარებელმა ირაკლიმ ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს მეგობრობისკენ მოუწოდა, ყოველგვარი „პოლიტიკური აზრებისა და სარგებლის გარეშე.“ მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ ფოტოს გამოქვეყნება წარწერით „აბზიარაზ“. დღეს, ის ოთხმოცამდე ადამაინს აერთიანებს. „მშიბზიას“ მსგავსი აქციების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ქანაშვილი. „თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგვასი აქციით შესაძლებელია აფხაზების გულის მოგება, მაშინ აქცია ვერ გაამართლებს. თუ ეს არის ერთგვარი ურთიერთობის ფორმა – მაშინ, მას აქვს აზრი. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, რომ ახალგაზრდები ამ მიმართულებით რაღაცას მაინც აკეთებენ,“ – თვლის ის. ყველაფრის მიუხედავად, ბაჩო მებურიშვილს და მის თანამოაზრეებს არ აქვთ იმის ილუზია, რომ აქციით შესაძლებელი იქნება რაიმე რადიკალური ცვლილებების მიღწევა, თუმცა მათივე აზრით, თუ ამ აქციის შედეგად თუნდაც ორი აფხაზი, რომელიც მანამდე თვლიდა, რომ ქართველები მათ მიმართ მტრულად არიან განწყობილი შეიცვლის დამოკიდებულებას, მაშინ მისია შესრულებულია. ბლოგის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #პოლიტიკა #მოგზაურობა #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთიჩემია #აფხაზები #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #აფხაზი #აფხაზეთისომი #sokhumidaily #sokhumi #sokhumiday #მშაბზია #mshabzia #მისალმება #აქცია