კრიმინალური პოლიციის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
კუპატაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა ჭელიძე შეცვალა, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას (შევსებული დეკლარაციის მიხედვით) 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.
თეიმურაზ კუპატაძე, რომელიც ახლა კრიმინალური პოლიციის უფროსია, ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსანი სამართალდამცავებიდან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული სხვადასხვა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებაში. ის ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი საპატრულო პოლიციის უფროსი.
კუპატაძე საჯარო მოხელის დეკლარაციას 2007 წლიდან ავსებს. წინა ხელისუფლების დროს ის შიდა ქართლში საპატრულო პოლიციის ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ სხვადასხვა დროს იყო ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციის უფროსი და იმერეთის სამმართველოს უფროსი.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა გააგრძელა და სხვადასხვა დროს იყო აჭარაში საპატრულო პოლიციის უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი და შემდეგ უკვე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32048122.html
Source: radiotavisupleba.ge