გერმანია კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიზაციის დაწყებას დეკემბერში გეგმავს
Tbilisi Daily
გერმანია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიზაციის დაწყებას 2020 წლის დეკემბერში გეგმავს. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი განვაცხადოთ, რომ ევროპაში კოვიდ-19-ზე ვაქცინას ავტორიზაცია 2020 წელს მიენიჭება, ამიტომ ჩვენ დღესვე უნდა ვიმოქმედოთ. ქვეყანაში ვაქცინაციის ცენტრები მზად უნდა იყოს იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყება,”-განაცხადა იენს შპანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში ვაქცინაციის 6 ცენტრის გახსნა იგეგმება. ცენტრების უმრავლესობა კოვიდ-19- ის პანდემიის გამო დაკეტილ საგამოფენო დარბაზებში გაიხნება.
გერმანიამ ევროკომისიის შუამდგომლობით მომავალი ვაქცინის 300 მილიონი დოზა დაარეზერვა. ქვეყანაში 22 ნოემბერს კოვიდ-19-ის 13 840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 104 ადამიანი. ქვეყანაში აქტიურია 313 968 შემთხვევა. კორონავირუსით გერმანიაში სულ 14 343 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 603 800 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.