უკრაინის გენშტაბი: ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი მთლიანად ჩაკეტილია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. ოდესის ოლქში გამოყენებული იყო უპილოტო საფრენი აპარატები. გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია დონეცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ოდესის ოლქების 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. უკრაინული სარდლობის ცნობით, სხვა მიმართულებებით, ათეულობით დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე იყენებდა ტანკებს, ნაღმმტყორცნებს და არტილერიას. გენერალური შტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან. შტაბის ცნობითვე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განახორციელეს 28 დარტყმა და 20-ზე მეტ რაიონში გაანადგურეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილები, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის პოზიციებზე 12 რაიონში, მათ შორის, მართვის პუნქტებზე, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა და საბრძოლო მასალების საწყობებზე. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, დადასტურებულია, რომ წინა დღეებში განხორციელებული შეტევების შედეგად, თავდაცვის ძალებმა ქალაქ ხერსონში და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლსა და დასახლებულ პუნქტებში, ტოკმაკსა და ჩერნიგოვკაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი С-300, 15 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და 7 სატვირთო ავტომანქანა. სარდლობის ცნობითვე, განადგურებულია რუსეთის ძალების 20-ზე მეტი სამხედრო და დაჭრილია 50-ზე მეტი. უკრაინის შეიარაღებული გენერალური შტაბის განცხადებით, ისევ დაძაბული სიტუაციაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომლის თანაშრომლები რუსეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ. გენშტაბის ცნობითვე, მიმოსვლისთვის მთლიანად დაკეტილია ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილი. რუსეთი უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე 23 სექტემბრიდან ატარებს ე.წ. რეფერენდუმებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. "რეფერენდუმები" დღეს, 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს. რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულიც.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32053717.html

Source: radiotavisupleba.ge