ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მეოთხე დღეა გრძელდება ბრძოლა მთიანი ყარაბაღისთვის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისევ მიიტანეს საარტილერიო იერიში ქალაქ ტერტერზე. სააგენტო „ტრენდი“ აზერბაჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყარაბაში, ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს ორმხრივი საარტილერიო იერიში. სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, სტეპანაკერტის თავზე ჩამოგდებულია აზერბაიჯანის არმიის ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ოთხდღიანი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა, ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას. აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30865726.html #ახალი_ამბები #twitter