პუტინის თქმით, ლუკაშენკომ რუსეთს მისთვის სარეზერვო პოლიციის შექმნა სთხოვა

Pirveliradio Ge

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების რეზერვის ჩამოყალიბება სთხოვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ბელარუსის ხელისუფლებას დაეხმარებოდა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „რასია 1-ის“ ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა. „ალექსანდრ ლუკაშენკომ დააყენა საკითხი, რომ ჩვენ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ. ვთქვი, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ყველა ვალდებულებას. ალექსანდრ გრიგორიჩმა მთხოვა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან ჩამომეყალიბებინა გარკვეული რეზერვი და მე ეს გავაკეთე. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით ასევე, რომ ის არ იქნება გამოყენებული, ვიდრე სიტუაცია კონტროლიდან არ გავა და ვიდრე პოლიტიკურ ლოზუნგებს ამოფარებული ექსტრემისტული ელემენტები არ გადავლენ გარკვეულ ზღვარს და არ შეუდგებიან ნგრევას, არ დაიწყებენ მანქანების, შენობების ბანკების დაწვას, არ ეცდებიან ადმინისტრაციული შენობების დაკავებას და ა.შ. ალექსანდრ გრიგორიჩთან საუბრისას ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი საჭიროება დღეს არ არის და ვიმედოვნებ, არც იქნება. ამიტომ, ამ რეზერვს ჩვენ არ ვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.