რიჟვაძე ხელვაჩაური-ბათუმის რეისის მგზავრებს მოუწოდებს ტესტირებისკენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირებისკენ მოუწოდა. როგორც რიჟვაძე აზუსტებს, იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც იმგზავრეს #7 ყვითელი ავტობუსის სამარშრუტო ხაზით (ხელვაჩაური-ბათუმის მიმართულებით) უნდა მიმართონ ტესტირების ცენტრებს.
აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ მარშრუტზე დასაქმებული მძღოლი ინფიცირებულია. მინისტრის განმარტებით, მიზნობრივ, მაღალი რისკის კონტიგენტს დაემატნენ მძღოლები. ნიჟარაძე ამბობს, რომ ინფიცირებული მძღოლის ბოლო ტესტირების შედეგები ორი კვირის წინ იყო უარყოფითი. „ნებისმიერი მგზავრი და მძღოლი უნდა იცავდეს წესებს“, - აღნიშნა მან.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში გამკაცრებულია კონტროლი, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე კაფეებში, რესტორნებსა და ღამის კლუბებში. მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დღის წესრიგში არ დგას ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვა.
„იმისთვის, რომ ეს რისკები ვმართოთ, გჭირდება მოქალაქეების მაქსიმალური ხელშეწყობა. ყველა გამოცემული რეკომენდაცია ზედმიწევნით უნდა შესრულდეს“, - თქვა რიჟვაძემ.
აჭარაში PCR-ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი გაზრდილია. როგორც ნინო ნიჟარაძე ამბობს, გუშინ მხოლოდ ორ კარავში 600 ნიმუში აიღეს, მაშინ, როდესაც მანამდე დღეში 100 ნიმუშს იკვლევდნენ.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას" კლასტერს განეკუთვნება.
კაფე-საკონდიტრო „დონას" მეორე ფილიალი დღეს 2 სექტემბერს დაიხურა. 31 აგვისტოს დაიხურა კაფეს ერთი ფილიალი, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან. ამ კლასტერში უკვე ინფიცირებული 22 ადამიანია.
გარდა ამისა, ჩაქვში, სასტურო „ოაზისის" სტუმარს, რომლის ანალიზის შედეგებსაც ელოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
2 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია - 19 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30817153.html
#ახალი_ამბები
#twitter