მოძრაობა "გაბედეს" - აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან
Tbilisi Daily
მოძრაობამ „გაბედე” პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა.
მათ საკანონმდებლო ორგანოსთან გაუშვეს ბუშტები, რომელზეც „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელები ეწერა.
„დღეს ისტორიული დღეა. ქართველმა ხალხმა როგორც იქნა მიიღო ნახევრად, მაგრამ მაინც პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამ ყველაფრის გამო მოვედით აქ, მოვიტანეთ თეთრი ბუშტები და დავაწერეთ მაჟორიტარების სახელები და გვარები. როგორც ეს ბუშტები გაფრინდებიან, ისე გაფრინდებიან ეს მაჟორიტარებიც და გაქრებიან ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან”, - განაცხადა მოძრაობა „გაბედეს” წევრმა, გოგა ფოლადაშვილმა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.