სინგაპურში კოვიდინფიცრებულთა კონტაქტების დადგენას სპეციალური მოწყობილობით ეცდებიან

Tbilisi Daily

სინგაპურში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ახალი მოწყობილობით, TraceTogether-ით იბრძოლებენ, - ამის შესახებ BBC წერს. მცირე ზომის მოწყობილობა Bluetooth-სისტემითაა აღჭურვილი და ადამიანის გადაადგილების შესახებ მონაცემებს 25 დღის განმავლობაში ინახავს. იმ შემთხვევაში, თუ პირს კორონავირუსი დაუდასტურდება, მოწყობილობის მეშვეობით, აღადგენენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა ის ბოლო დღეების განმავლობაში და გამოიკვლევენ იმ პირებს, ვისთან სიახლოვეც დაფიქსირდა. ამისთვის, ცხადია, საჭიროა, გარშემომყოფებსაც აღნიშნული მოწყობილობა ჰქონდეთ ან სარგებლობდნენ სპეციალური აპლიკაციით. მოწყობილობა იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც სმარტფონი არ აქვს და არ შეუძლია ამავე მიზნით შექმნილი სპეციალური აპლიკაციით სარგებლობა. TraceTogether-ს 90 დღის განმავლობაში დატენვა არ სჭირდება. ქვეყანაში ინფიცირების 57 558 შემთხვევაა აღწერილი, 57 142 გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, აპლიკაცია საქართველოშიც არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი COVID-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან, iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა ამ ბმულიდან შეუძლიათ.