გრიგოლ გეგელია შარლ მიშელის ვიზიტზე: "იქნება ბევრი მკაფიო მესიჯი"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„ლელო საქართველოსთვის“ შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურება - პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმიტომაც, „იქნება ძალიან ბევრი მკვეთრი მესიჯი და "ქართულ ოცნებას" მოუწევს, რომ მოისმინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო ნება“.
გეგელიას განცხადებით, შარლ მიშელის ვიზიტი შეიძლება აღვიქვათ როგორც „დემოკრატიის გადარჩენის მისიაც და მისი დახსნის მისიაც "ქართული ოცნებისაგან".
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი საუბარი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს კრიზისი და დარწმუნებულები ვართ, რომ ბატონი მიშელი ნათლად გააჟღერებს ჩვენი დასავლელი პარტნიორის და მეგობრის პოლიტიკურ ვნებას, რომელიც არის ის, რომ პირველი - უნდა შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და ქართული დემოკრატია უნდა გათავისუფლდეს ამ ფსევდოდემოკრატიული წნეხისგან, უნდა დაიშვას ახალი რიგგარეშე არჩევნები, რათა გადავტვირთოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა და ადამიანებს მივცეთ შანსი, რომ აირჩიონ საკუთარი მომავალი თავისი თავისუფალი ნებით“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ 28 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31125891.html
#ახალი_ამბები
#twitter