გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

Tbilisi Daily

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოზე შესავალი სიტყვით წარსდგა. დღევანდელ პროცესზე კი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს დაკითხავენ. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.