638 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 293 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
Tbilisi Daily
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 638 - მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293. 2 446 ადამიანი კოვიდსასტუმროში იმყოფება, 8 397 კი სახლში მკურნალობს. საკარანტინო სივრცეში 3 160 ადამიანია მოთავსებული. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაშია 28 690 ადამიანი.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 976 ინფიცირებულით კვლავ პირველ ადგილზეა თბილისი. 368 ახალი შემთხვევით მას მოსდევს იმერეთი, აჭარამ კი 328 ინფიცირებულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 15 332-ს შეადგენს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.