ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა - გიგი უგულავა
Tbilisi Daily
გეგმებზე ჰკითხეთ გახარიას. ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ოპოზიცია კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს.
"ჟურნალისტებმა კითხვა- „რა გეგმები გაქვთ“ - მე მგონი, ეს უნდა ჰკითხოთ გახარიას და გომელაურს. ჩიხში ისინი არიან. ჩვენ ვართ შენობაში, ისინი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომ 8 წელიწადია ჩვენ ვართ გარეთ და ისინი... გამაგრებული არ ვართ, ჩვენ ვართ ოფისში. გამაგრება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები წესრიგში არ აქვს და ასეთი, მე მგონი, ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, აქ არიან დეპუტატები...მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის და მითუმეტეს, ჩხრეკის. ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები. რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ! თქვენს სახლში მოძალადეს შეუშვებდით? მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო, დაგვავიწყდა, რომ „მხედრიონი“ იყო? უფორმო მოძალადეები ხომ იყვნენ?", - განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის აღასრულება ხომ არის, უგულავა ასე პასუხობს: "ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია". მისი თქმით, კონსტიტუცია ირღვევა.
"როდესაც სახელმწიფო წესრიგიდან გადის, როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს და მის ხუშტურს ემორჩილებიან და არა კანონს, მე,როგორც საქართველოს მოქალაქე ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ღირსება", - აღნიშნა უგულავამ.
ის დარწმუნებულია, რომ ვინც კონსტიტუციის მხარესაა, ვისაც ესმის, რა არის კონსტიტუცია და უზენაესი კანონი ის გაიზიარებს და ვისაც ჯანსაღი აზრი, ჯერ კიდევ შერჩენია თავში, ის გაიზიარებს.
„ვიმეორებ, გეგმებზე ჰკითხეთ გახარიას, ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა", - განაცხადა გიგი უგულავამ.