საქართველო და ამერიკა - 1921 წლის კერძო წერილებიდან

Batumi Daily

გაზეთი “ბათომის ცხოვრება” 1921 წელს გამოდიოდა ბათუმში და ქალაქური ცხოვრების ამბებს ყოველდღიურად უყვებოდა მოსახლეობას. საინტერესო იყო ის, რომ იქ არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მთელს საქართველოში და მეტიც, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. რუბრიკების მრავალფეროვნება გაზეთს დღეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მკითხველისთვის. განსკუთრებით, ალბათ მათთვის, ვისაც წარსულში ქექვა ძალიან უყვარს. ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უამრავი საგაზეთო სტატიის, მოსაზრების თუ ჩანახატის წაკითხვის საშუალებით შეგვიძლია. “ახალი ამბები ძველი გაზეთებიდან” უკვე საკმაოდ გაცვეთილი, მაგრამ მაინც შესაფერისი ფრაზაა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით თუ ჩვენც გვინდა ცოტა ხნით წარსულს მივუბრუნდეთ და გავიგოთ რა იწერებოდა მაშინ გაზეთებში ან რა აინტერესებდა საზოგადოებას ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ სოციალურ-პოლიტიკურ ამბებთან ერთად, წერილებიც არ რჩებოდათ რედაქტორებს ყურადღების მიღმა. გამომდინარე იქიდან, რომ წერილი ავტორის პირად გამოცდილებებს და ემოციებს დაუფარავად ასახავს, იგი კიდევ უფრო საინტერესოა. აქ ვერც შელამაზებულ რელობას ნახავთ, ვერც მკითხველის გულის მოსაგებად მრავალფეროვანი ლექსიკით გაჯერებულ ტექსტებს. წაიკითხავთ უბრალო და ხშირად სევდიან ემოციებს, რომელსაც ავტორები განიცდიდნენ. თუმცა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ რომ ბევრი წლის შემდეგ მათი აზრები კვლავ იქნებოდა ერთეულებისთვის საინტერესო. აღნიშნული წერილი, როგორც აღმოჩნდა, ბათომის ოლქის ჯარების სარდალს გენერალ ზაქარია მდივანს და მის მეუღლეს ამერიკიდან მიუღიათ ორი ვაჟისგან. ისინი მშობლებს შემდგეს სწერდნენ: “ჩვენ ვმუშაობთ ახლანდელი ამერიკის პრეზიდენტის ჰარდინგის საფულე ქაღალდების დამამზადებელ ფაბრიკაში, ვმუშაობთ 16 საათს. თვეში გვაძლევენ 30 დოლარამდე. დიდათ გაკვირვებულები არიან ამერიკელები, რომ გენერალმა თავისი შვილები, უბრალო მუშებათ გამოგზავნა. საქართველოს შესახებ აქ არაფერი არ იციან, ჩვენ რომ ჩავედით იქ ჟურნალისტებმა მრავალი ინტერვიუ გაგვიკეთეს და არ სჯეროდათ ის, რასაც ჩვენ საქართველოზე ვეუბნებოდით. რადგან აქ კავკასიაზე მხოლოდ სომხური ინფორმაცია არსებობს და მას აქვს გასავალი. საქართველო ახალი აღმოჩენა იყო მათთვის, რადგან ამერიკაში არსებობს ერთი პატარა კუთხე რომელსაც ჯორჯია ჰქვია. ჩვენ რუსი გენერლის შვილებათ მიგვიღეს, რის გამოც პროტესტი განვაცხადეთ. ბოლოს როცა გაიგეს თუ რა განსხვავებაა რუსეთსა და საქართველოს შორის მეტად დაინტერესდნენ. იქაურ რვა პოპულარულ გაზეთში დაისტაბმა ჩვენი ინტერვიუ და საქართველოს შესახებ ცნობები, აღწერილი იყო თბილისის ცხოვრება მისი წესრიგი და საქართველოს სახელმწიფო მდგომარეობა. საქართველოს შესახებ გაზეთებს საუკეთესო და სწორი ინფორმაცია მისცა ბ. მისტერ კრაინმა. იგი ახასიათებდა ქართველებს როგორც იშვიათ ლამაზ ხალხს ტანთ მარდთ, რაინდებს და უდიდეს სტუმარ-მოყვარეთ... ..საქართველოზე არავითარი ინფორმაცია არ იშოვება აქ და ისტამბება ჩვენთის გულის მომკვლელი ცნობები, ამას წინად დაიბეჭდა ცნობა რომ ბათომი ბოლშევიკებმა აიღესო შემდეგ საქართველომ მოაგროვა დიდი ჯარი და სომხეთს იპყრობსო. ისე ამერიკელები მეტად სიმპატიეით გვეპყრობიან და როცა ჩვენ ფრანგულად ვლაპარაკობთ, ისინი განცვიფრებაში მოდიან, რომ “ველურების კუთხიდან მოსულებმა საიდან შეითავსეს კულტურაო", ჩვენ ძალიან გვჭირდება საქართველოს გაზეთები და საზოგადო ცნობები, რადგან პრეზიდენტის ოჯახშიც ვხვდებით და გვინდა გავაცნოთ მათ ჩვენი ამბები.. ..აქ ცხოვრება საუცხოოა, მაგრამ საქართველო მაინც ყველაფეს გვირჩევნია, ძალიან გვენატრება სამშობლო და ერთი მჭადის ნათალი.. ..გადაგვიკოცნეთ სამშობლო!.. თქვენი სერგო და დათა. ნიუიორკი.” #გაზეთი #ძველიგაზეთი #წერილი #ბათუმი #batumidaily