კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

Batumi Daily

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სკანდალურად ცნობილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს ტელევიზიის შენობის წინ გაიმართა. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმი". მოძრაობის აზრით, გიორგი კოხრეიძე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს დევნის. მოძრაობაში აცხადებენ, რომ მაუწყებელი კოხრეიძის დირექტორობამდე გამოირჩეოდა ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით. ამ მოსაზრებას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებენ. არჩევნების პერიოდში აჭარის მაუწყებელი ერთ-ერთი იყო იმ ტელევიზიათა შორის, რომელიც არჩევნებს ობიექტურად აშუქებდა. აქცია წესების დაცვით გაიმართა და მონაწილეთა რაოდენობა არ აღემატებოდა კორონავირუსთან საბრძოლველად დადგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ლიმიტს. #აქცია #აჭარის_ტელევიზია #კოხრეიძე #batumidaily