ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ლუკაშენკა დამაჯერებლად იმარჯვებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუალედური მონაცემებით, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას ხმა მისცა 81.35%-მა, მეორე ადგილზე კი სვიატლანა ციხანოუსკაიაა 8%-ით. ეს მონაცემები გვიან ღამით, ტელეკომპანია „ბელარუს 1“-ის ეთერში გამოაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ.
ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 84.05% იყო.
გვიან ღამით, ოპოზიციონერი სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბში განაცხადეს, რომ მან დამაჯერებლად გაიმარჯვა სულ მცირე, მინსკის და მინსკის რაიონის 20 საარჩევნო უბანზე.
9 აგვისტოს, საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე გამოქვეყნდა სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, რომელთა თანახმად, ლუკაშენკამ ხმების 79,9% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ციხანოუსკაიამ კი - 6,8%. ამას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
ხელისუფლებამ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.
აქციის მონაწილეებს სპეციალური საშუალებებით არბევდნენ და აკავებდნენ
ინფორმაცია დაშავებულების და დაკავებულების მეტნაკლებად ზუსტი რაოდენობის შესახებ, ჯერჯერობით არ არსებობს. ლუკაშენკას 26 წლიანი მმართველობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30775266.html
#ახალი_ამბები
#twitter