რუსეთის ძალები აკონტროლებენ თითქმის მთელ სევედორონეცკს, გრძელდება "სასტიკი" ბრძოლა დონბასისთვის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ძალები ამჟამად თითქმის მთელ სევეროდონეცკს აკონტროლებენ - მას შემდეგ, რაც განადგურებულ იქნა აღმოსავლეთის ამ მნიშვნელოვან ქალაქთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი. დონბასის რეგიონში გრძელდება ინტენსიური შეტაკებები, რასაც კიევი უწოდებს "ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ბრძოლას ევროპაში და ევროპისთვის".
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ოლექსანდრ მოტუზიანიკმა 13 ივნისს განაცხადა, რომ ინტენსიური ბრძოლა გრძელდება, მაგრამ რუსეთის ძალები უკვე აკონტროლებენ ქალაქის ცენტრს, საარტილერიო ძალის უპირატესობის წყალობით - რაც მოიცავდა მრავალი სარაკეტო სისტემის გამოყენებას. მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის ძალებს "დიდი დანაკარგი აქვთ ქვეით დანაყოფებში", თუმცა საარტილერიო და შემტევი შეიარაღებით ისინი წინსვლას განაგრძობენ.
უკრაინის წარმომადგენელთა თქმით, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობისთვის არ ხერხდება დახმარების მიწოდება, და ევაკუაციაც შეუძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც განადგურდა სევეროდონეცკის ქალაქ ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი სამი ხიდი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტრადიციულ, საღამოს გამოსვლაში 13 ივნისს თქვა, რომ დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა "სამხედრო ისტორიაში აუცილებლად ჩაეწერება როგორდ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის".
"ჩვენთვის ამ ბრძოლის საფასური ძალიან მაღალია. ეს უბრალოდ შემაშინებელია. და ჩვენ ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ყოველდღიურად ვაპყრობთ იმ გარემოებას, რომ უკრაინისთვის თანამედროვე არტილერიის საკმარისი რაოდენობით მიწოდება უზრუნველყოფს ჩვენს უპირატესობას, რათა ბოლოს და ბოლოს დასრულდეს უკრაინის დონბასის რუსეთის მიერ წამება" - დასძინა ზელენსკიმ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31897458.html
Source: radiotavisupleba.ge