2019 წლის 12 ივლისი - Feedc-ის პირველი ვიდეო.
ამ ვიდეოს გაშვების შემდეგ Feedc-იმ გრძელი გზა გაიარა, შეიცვალა და განვითარდა:
2017 წელს დაბადებული იდეიდან - 2018 წელს პირველ ბეტა ვერსიამდე, 2019 წელს CBS ჰოლდინგში შესვლიდან - გლობალურ გაშვებამდე, 2020 წელს 1 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლიდან, 100-ზე მეტი ქვეყნიდან - მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის დისტანციური სწავლების პლატფორმის შექმნასა და მრავალ პარტნიორებამდე.
ეს ყველა ეტაპი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა ნიკოს შრომა, მონდომება, მუდმივი რწმენა მისი გუნდისა და მიზნის მიმართ. Მან შეძლო ჩვენთვის მოეცა მოტივაცია, დაგვეჯერებინა Feedc-ის მომავლისა და, რაც ყველაზე მთავარია, მისი. სანაცვლოდ, ნიკოს ყოველთვის სჯეროდა ჩვენი და სწორედ მისი დახმარებით ვცდილობდით ყოველდღიურად გაგვეკეთებინა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
ნიკოს მიზანდასახულობით Feedc-იმ შეძლო მსოფლიო ბაზარზე გასვლა, მოახერხა უმსხვილეს კომპანიებთან, არხებთან და საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობა. უამრავი განახლების, პროექტისა თუ კონკურსის ფარგლებში კომპანიამ მიაღწია 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს. გარდა ამისა, პანდემიიდან გამოწვეული მოვლენების ფონზე, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიქმნა უფასო დისტანციური სწავლების პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველა საჯარო სკოლისთვის.
2021 წელს ველოდით დიდ წარმატებას, როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო მასშტაბით, იგეგმებოდა დიდი ცვლილებები და განახლება, მაგრამ სექტემბრის თვეში მომხდარმა მოვლენებმა სრულიად სხვა მიმართულებით შეცვალა კომპანიის გზა და ჩვენი ცხოვრება. მოგვიწია ფორსმაჟორულ რეჟიმზე გადასვლა, Feedc-ი უნდა გაგრძელებულიყო, რაც არ იყო ადვილი, არც ნიკოს ფუნქციების გადანაწილება იყო მარტივი, მართალია, ყველას საერთო მიზანი აერთიანებდა, მაგრამ ლიდერობა ერთზე იყო. კომპანიისთვის კი, რომელიც ყოველდღიურად მიისწრაფოდა მომავლისკენ, გაჩერება წარმოუდგენელი იყო.
Feedc-ის გარდა ნიკო კვარაცხელიამ დაარსა და მუშაობდა ამ და სხვა მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. გუნდიც განვითარებასა და ახალი ადამიანების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. ვმუშაობთ ენთუზიაზმით, ვცდილობთ, შევქმნათ სოციალური სამართლიანობის ზონა, სადაც ყველა ადამიანის აზრი თანაბარია.
მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ, რომ ურთულეს პერიოდში მუდმივად გვერდით გვედექით და მხარს გვიჭერდით, იყენებთ და თვალს ადევნებთ პლატფორმას, სწორედ ეს გვაძლიერებს და მეტად მოტივირებულებს გვხდის, რომ კვირიდან კვირამდე უკეთესი გარემო და პროდუქტი შემოგთავაზოთ.
რასაკვირველია, აქ არ ვჩერდებით, Feedc-ის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი ეკოსისტემა, სადაც ინფორმაციის ყველა წყარო ერთად იარსებებს და ამის საფუძველზე, განურჩევლად ყველას მიეცეს საშუალება ხმა მიაწვდინოს ადგილობრივ თუ მსოფლიო საზოგადოებას, ამიტომ ყოველდღიურად იხილავთ ჩვენს ახალ პროექტებს, განახლებებსა და ბევრ ცვლილებებს.
გვჯერა, რომ ჩანაფიქრი, მომავლის ყველა გეგმა რომელიც Feedc-ს უკავშირდება მიღწევადია - ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში, ჩვენ კი შევხვდებით Feedc-ზე!