2024 წლის პირველ სუპერმთვარეს ორშაბათს, 19 აგვისტოს, ვიხილავთ

3
ამ ფენომენს "ლურჯი მთვარეც" ეწოდება 🌕
✦ მთვარის მოყვარულებისთვის და ზოგადად ასტროფილებისთვის შესანიშნავი ამბავია, რადგან წლის პირველი სუპერმთვარე 19 აგვისტოს, 20:04 საათიდან გამოჩნდება.
მთვარის ორბიტა არ არის სრულყოფილი წრე, ამიტომაც, როდესაც დედამიწის ირგვლივ მოძრაობს, ის გადის ჩვენგან უახლოეს და უშორეს წერტილებს.
ამ წერტილებს სახელებიც მივანიჭეთ: შორ წერტილს ეწოდება აპოგეა, ხოლო უახლოესი ცნობილია, როგორც პერიგეა.
სუპერმთვარე ხდება მაშინ, როდესაც მთვარე სავსეა და პერიგეას გადის, ანუ ჩვენთან უახლოეს წერტილს.
და, მისი ასეთი სიახლოვის გამო, ჩვენგან უფრო დიდი და კაშკაშა ჩანს, აქედან მოდის ტერმინი "სუპერმთვარეც".
თუმცა, განსხვავება შეუიარაღებელი თვალით ძნელი შესამჩნევია.
ორშაბათის სუპერმთვარე პირველი იქნება ამ წლის ოთხი სუპერმთვარიდან (შემდეგი იქნება 18 სექტემბერს, 17 ოქტომბერსა და 15 ნოემბერს).
სავარაუდოდ, ოქტომბრის სუპერმთვარეობისას, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ყველაზე ახლოს იქნება ჩვენთან.
დისტანცია მთვარესა და დედამიწას შორის იქნება 357 364 კმ.
საერთოდ კი, დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო მანძილი 384 400 კილომეტრს შეადგენს.

✦ რატომ ეწოდება ამ ფენომენს "ლურჯი მთვარე"?

ლურჯი მთვარის ორი განმარტება არსებობს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ფერთან.
პირველი გახლავთ სეზონური "ლურჯი მთვარე" - მესამე სავსე მთვარე სეზონზე, რომელსაც 4 სავსე მთვარე ახასიათებს.
ხოლო, მეორე განმარტების თანახმად, "ლურჯი მთვარე" ეწოდება ერთ თვეში ორ სავსემთვარეობას.
ამრიგად, სუპერმთვარე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაში იქნება და ნუ დაიშურებთ მზერას და თქვენი მოწყობილობების კამერებს. 🤩📸🔭
3