26 ივლისს, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მალე დასრულდება მუშაობა სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღების ორი სისტემის შექმნაზე.
ეს არის ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსი „ცირკონი“ და ბირთვული უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“.
როგორც ცნობაშია ნათქვამი, მოეწყო „ცირკონის“ წარმატებული გაშვება ჩრდილოეთის ფლოტის ფრეგატიდან.
ასევე გამოცდას გადის 2019 წელს ზღვაში ჩაშვებული პირველი ატომური წყალქვეშა ნავი, რომელიც ატარებს თვითმავალ წყალქვეშა აპარატებს ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი „პოსეიდონით“. როგორც ინტერფაქსი იუწყება, სავარაუდოდ, ლაპარაკია წყალქვეშა ნავ „ბელგოროდზე“.
შეიარაღების ახალ სისტემებზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018 წლის მარტში განაცხადა პარლამენტისადმი მიმართვაში. მაშინ მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სწორედ ჰიპერბგერით იარაღზე. პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ სწორედ მისი შექმნის წყალობით რუსეთმა ფაქტობრივად გაუსწრო შეიარაღების განვითარებაში „სავარაუდო მოწინააღმდეგეებს“.
კვირას სანქტ-პეტერბურგში გამართულ მთავარ სამხედრო-საზღვაო აღლუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები მიიღებენ „ჰიპერბგერით იარაღს, რომლის ანალოგი არ არსებობს მსოფლიოში“. როგორც იუწყებიან, რაკეტა „ცირკონს“ ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლია მოქმედება სიჩქარით, რომელიც ცხრაჯერ აღემატება ბგერისას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30747830.html