ვინ არის ყველაზე ცნობილი ქუთაისელი ქალი?

0
პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, მეცნიერი-ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, გამოჩენილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის სილოვან ხუნდაძის ქალიშვილი, ფატი ხუნდაძე დაიბადა ქუთაისში1895 წელს. 1915 წელს მან დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1915-1918 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაიგზავნა გერმანიაში, სადაც 1924 წელს წარმატებით დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წლის დამდეგს ფატი ხუნდაძე და მისი მეუღლე, — შემდგომში ცნობილი მკვლევარი-ეკონომისტი და პედაგოგი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორი ნესტორ გაბილაია (1895-1985) სამშობლოში დაბრუნდნენ. ფატი ხუნდაძე მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თსუ-ში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დღეს აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის სახელს ატარებს. დ. უზნაძესთან ერთად ფ. ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. ფატი ხუნდაძე გარდაიცვალა 1978 წელს, 83 წლის ასაკში, დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#პიროვნება
#ისტორია
#kutaisidaily
#ახალიამბები
0