სინგაპური და მისი ღირსშესანიშნაობები

By?????Georgia
0
სინგაპური - ეს არის ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაიზიის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. სინგაპური არის მსოფლიოს მეოთხე წამყვანი ფინანსური ცენტრი და კოსმოპოლიტური ე.წ. “მსოფლიოს ქალაქი”, რომელიც დღეს ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებში. შედგება ერთი დიდი და 63 პატარა კუნძულისაგან, თუმცა, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ზღვის ტერიტორიის შემოერთებას, მისი ფართობი თანდათან იზრდება. სინგაპური ითვლება „აღმოსავლეთისა და დასავლეთის კარიბჭედ“. აქ არის სხვადასხვა სტილის კულტურათა მიქსი, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინთეზი. ერთმანეთს ერწყმის სამი უდიდესი კულტურა- ჩინური, ინდური და არაბული, რომელთაგან თითოეულმა თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა ქვეყნის განვითარებაზე. მოსახლეობის მრავალფეროვნების გამო აქ 4 ოფიციალური ენაა: ჩინური, მალაიური, ინდური და ინგლისური.

სასტუმრო-კომპლექსი „Marina-Bay”

სტუმრების მისაღებად, ქვეყანაში აშენებულია 120 სასტუმრო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სასტუმრო-კომპლექსი „Marina-Bay”, რომელიც ზღვის დონიდან 200 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კომპლექსში შედის მასიური საცურაო აუზი ღია ცის ქვეშ, რომლის სიგრძე არის 150 მ (55-ე სართულზე მდებარეობს). სასტუმრო-კომპლექსის სახურავი შესრულებულია გემის ფორმით. გარდა ამისა აქ არის სპა-სალონები, ბარები, რესტორნები, ბოტანიკური ბაღი და ა.შ.

Chinatown

Chinatown არის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი და საინტერესო ადგილი სინგაპურში. ეს დატვირთული ადგილი ცნობილია თავისი ჩინური საკვებით, წითელი ფარნებით და ულამაზესი მაღაზიებით, ყველა კუთხეში, სადაც ყიდიან სუვენირებს და ტრადიციულ ჩინურ პროდუქტებს. აქ არის ასევე შთამბეჭდავი ინდური და ჩინური ტაძრები.

არაბული ქუჩა და პატარა ინდოეთი

არაბული ქუჩა და პატარა ინდოეთი პოპულარული ტურისტული ადგილებია და ისინი უნიკალურ გამოცდილებას ქმნიან. ეს ადგილები ცნობილია მყუდრო კაფეებით და ისტორიული მეჩეთებით, ასევე თავიაანთი დამახასიათებელი კერძებით და ინდური ფესტივალებით.

მერლაიონი

ქალაქის სიმბოლო მერლაიონი მითიური ცხოველის ქანდაკებაა. მერლაიონს ლომის თავი და თევზის ტანი აქვს, მისი პირიდან კი მძლავრი შადრევანი გამოდის. ქალაქის დასახელება - სინგა ("ლომი") და პურა ("ქალაქი") სანსკრიტიდან მოდის. ქანდაკების ფონზე ფოტოს გადაღების გარეშე ქალაქს ძალიან ცოტა ტურისტი ტოვებს.

ზოოპარკი

სინგაპურში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი; ღია სივრცის კონცეფცია ამ ზოოპარკს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სანახაობად აქცევს, ყველა წინაღობა და ბარიერი ბუნებრივია. იმის გამო, რომ ცხოველების საარსებო სივრცე შეზღუდული არაა, მათი ქცევები ბუნებრივთან ძალიან ახლოსაა. ზოოპარკი ყოველწლიურად იზიდავს, დაახლოებით, 1.6 მლნ ტურისტს. ღამის საფარი არის მსოფლიოში პირველი ღამის ზოოპარკი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია სინგაპურში. პარკი არის მთლიანად ღია ცის ქვეშ და მხოლოდ ღამით არის ღია.

Jurong Bird Park

ისევე, როგორც სინგაპურის ზოოპარკში, ფრინველები აქაც თითქმის სრულ თავისუფლებაში ცხოვრობენ. არანაირი გალიები და ბარიერები. ჩიტები თავისუფლად (მეტ-ნაკლებად) დაფრინავენ უზარმაზარ ვოლიერებში. აქ თითოეული სახეობისთვის მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული გარემო იქმნება.

ეშმაკის ბორბალი

2014 წლის მარტამდე ეს ეშმაკის ბორბალი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში, სანამ ლას-ვეგასში მასზე ორი მეტრით მაღალს ააშენებდნენ. კაბინებიდან ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. ჩვეულებრივი კაბინების გარდა აქ VIP კაბინებიცაა. მომსახურებაში ორი წრე შედის, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გრძელდება.

ჩანგის აეროპორტი

აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩანგის აეროპორტი. აღნიშნული აეროპორტი უკვე წლებია ინარჩუნებს მსოფლიო საუკეთესო აეროპორტის სტატუსს და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მულტიფუნქციურია. ჩანგის აეროპორტი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მოწყობილია რეკრეაციული ზონები, ტყეები და პარკები. ამ აეროპორტში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ჩანჩქერი.

ფუტურისტული პარკი

დიზაინერული, ორიგინალური ტყე - რკინის კონსტრუქციებით და ვერტიკალური ბაღებით. ორი 42-მეტრიანი სუპერხე 22 მეტრის სიმაღლეზე დაკიდული ხიდითაა შეერთებული. მოსაღამოვებისას ეს მეტალის გიგანტები ულამაზეს ფერებში ნათდება, პარკში კი მომნუსხავი მუსიკა ჟღერს.

ოკენარიუმი

ისევე, როგორც სინგაპურში არსებული ობიექტების უმეტესობა, ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკეანარიუმია მსოფლიოში. დამთვალიერებელს 800-ზე მეტი სახეობის ზღვის ცხოველის ნახვა შეუძლია. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ცენტრალური აკვარიუმი, მსოფლიოში ყველაზე დიდი პანორამული კედლით, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ოკეანის ფსკერზე დასეირნობ.

სინგაპურის ბოტანიკური პარკი

აღსანიშნავია სინგაპურის ბოტანიკური ბაღი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ბაღი მოიცავს ეროვნული ორქიდეების კოლექციას. ამ ბაღებში კუნძულის ფლორის და მთელი მრავალფეროვნებაა თავმოყრილი. ტროპიკულ ტყეს მოვლილი ხეივნები ცვლის, მიწიან ბილიკებს ასფალტიანი გზები, აქ შეხვდებით პალმების მდელოს, გედების ტბას, ოქრიდეების პარკს და ბევრ საინტერესო ადგილს.
#აზია
#სინგაპური
#მოგზაურობა
#ტურიზმი
#საინტერესო
#საინტერესოფაქტები
#საინტერესოამბები
By?????Georgia
0