ლიტერატურული ჩაი

0

ნიკოლოზ ბარბაქაძე 17 წლის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერია. არც ისე დიდი ხანია, რაც ის ციფრულ უნარებს დამოუკიდებლად დაეუფლა და ილუსტრაციების შექმნა დაიწყო. თავდაპირველად მისი ნამუშევრებით მხოლოდ თავად და მეგობრები სარგებლობდნენ, თუმცა ყველაზე მეტს ხომ მაშინ ვსწავლობთ, როცა საქმეს ჰობის დატვირთვა აქვს და კეთების პროცესშიც სიამოვნებას ვიღებთ. როგორც ის On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რამდენიმე თვის წინ ნახა პოსტერი Literary Coffee, რომელშიც გამოჩენილი მწერლების შემოქმედება საინტერესოდაა წარმოდგენილი. მისი სიტყვებით, პროექტი იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა, მსგავსი ქართველ ხელოვანებზეც შეექმნა და თან, პორტფოლიო გაემდიდრებინა.

პირველი ესკიზი ნიკოლოზმა იმავე დღეს დაასრულა: "ვფიქრობ რომ ვაჟას შემოქმედება შეძლებისდაგვარად კარგად გადმოვეცი. მუშაობის პროცესმა ისეთი სიმშვიდე და კმაყოფილება მომგვარა, რომ გადავწყვიტე, მთლიან პროექტად გამოცემა".

ახალგაზრდა ილუსტრატორი ამბობს, რომ სრული ნამუშევრების შექმნის პროცესი 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და პროექტს თავისუფალ დროს უთმობდა. პირველ ნაწილში სულ 14 ნამუშევარია შესული. მას არ სურდა, ცალკეული ილუსტრაცია იქამდე გამოექვეყნებინა, სანამ პირველი ნაწილი სრულად არ ექნებოდა მზად: "ყველაზე რთული ალბათ მიხეილ ჯავახიშვილი იყო, რადგანაც მონახაზზე ფიქრმა ყველაზე დიდი დრო წაიღო".

#ხელოვნება #გრაფიკა #ქართულიადაკარგია #ნიკოლოზბარბაქაძე #ლიტერატურულიჩაი
Tbilisi
#ხელოვნება
0