ეკოლოგიური ხელოვნება, ანუ ეკო-არტი

0
ეკოლოგიური ხელოვნება თავისი ფორმით და შინაარსით დაკავშირებულია სოციალური პასუხიმგებლობის ეთიკასთან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვის წახალისებას. გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან ხელოვნებაში გაჩნდა ახალი მიმართულება, რომელსაც ბუნებისადმი განსაკუთრებით სათუთი დამოკიდებულება ახასიათებს. ეკოლოგიური ხელოვნების მთავარი კონცეპტიც, თავისთავად, ეთიკური თვითშეგნების ამაღლებაა. დღეს მსოფლიომ თვალი გაუსწორა ეკოლოგიურ დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. შედეგად, მრავალი ხელოვანი, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, აცნობიერებს ეკოლოგიაზე ზრუნვის აუცილებლობას.
მართალია, ეკოლოგიური ხელოვნება, იგივე ეკო-არტი, როგორც ტერმინი 1990-იან წლებში დამკვიდრდა, თუმცა ის 1960-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც სახელოვნებო სამყაროში შემოდის ლენდ-არტი, ხელოვნება, რომელიც კონცეპტუალურად აღიქვამს გარემოს. ეკო-არტის დაბადების ადგილად შეიძლება მივიჩნიოთ ნიუ-იორკის Dwan Gallery, სადაც 1968 წელს მოეწყო გამოფენა სახელწოდებით Earth Works, ისეთი არტისტების მონაწილეობით, როგორებიც არიან რობერტ სმიტსონი, უოლტერ დე მარია და რიჩარდ ჰეიზერი.
ჯერ კიდევ 1941 წელს გერმანელი ხელოვანი იოზეფ ბოისი წერდა: “ჩვენ, ადამიანები, ვგრძნობთ, რომ მცენარეები და ცხოველები ჩვენი მონათესავეები არიან. ადამიანი ბუნების უშუალობას იდეალად მიიჩნევს”. თავად ბოისმა 1980-იან წლებში გერმანიაში განახორციელა პროექტი სახელწოდებით „7000 მუხა“. შედეგად, დაირგო უამრავი ხე, ხეებს კი გვერდით ქვის სტელები მიუწყვეს, რაც უცვლელი, უძრავი ქვებისა და მოძრავი, ცვალებადი ხეების სიმბოლური აღქმით ბუნების ელემენტების ერთიანობას გამოსახავდა. ბოისის სურდა, ამგვარი პროექტი სხვა ქვეყნებშიც განხორციელებულიყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღნიშნული პროექტი აშშ-ში რეალობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეკო-არტის განვითარებას ლენდ-არტს უკავშირებენ, მათ შორის არსობრივზე მეტად განზოგადებულ-გამომსახველობითი კავშირი უფროა. ეკო-არტის მთავარი კონცეფცია ძირითადად აქტივიზმს მოიცავს, სადაც ერთიანდება როგორც გარემოსდაცვითი, ასევე კულტურულ და სოციალური აქტივიზმი. ეკოლოგიურ ხელოვნებას რამდენიმე დამახასიათებელი პრინციპი აქვს, ესენია: · ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით. · ეკომეგობრული ნამუშევრების შექმნა ძირითადად ბუნებრივი მასალებით (წყალი, ხე, ქვა) ან თავად ბუნებრივი მოვლენებით (ელვა). · შემოქმედებითი საშუალებებით დაზიანებული გარემოს აღდგენა. · საზოგადოების ინფორმირება დაბინძურებული გარემოს შედეგად კლიმატური ცვლილებების შესახებ. რიჩარდ ლონგი
ეკოლოგიური ხელოვნების ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ინგლისელი ხელოვანი რიჩარდ ლონგია. იგი ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და თავისი შემოქმედებისთვის აგროვებს მასალებს, ან ადგილზევე, ბუნებრივ გარემოში ქმნის ინსტალაციებსა თუ სკულპტურებს. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია გზას, მაგალითად: ბალახში გაკვალულ ბილიკებს, სხვადასხვა ფორმისა და ფერის ქვებისაგან აწყობილ გზებს ირლანდიაში, ჰიმალაებში, იაპონიაში.
ლონგი წერდა: “ბუნება ხელოვანებისთვის ყოველთვის საყვარელი ობიექტი იყო – კლდეზე შესრულებული პირველყოფილი ნახატებიდან დაწყებული და XX საუკუნის პეიზაჟური ფოტოგრაფიით დამთავრებული. მეც შევეცადე ბუნება ჩემი შემოქმედების საგნად მექცია, მაგრამ ახალი ხერხებით. დავიწყე გარემოში მუშაობა ბუნებრივი მასალების გამოყენებით – როგორიცაა ბალახი და წყალი, და შემდგომში ეს გადაიზარდა ქანდაკების შექმნის იდეაში”. დევიდ ნეში
ეკოლოგიური ხელოვნების კიდევ ერთი პიონერია ინგლისელი სკულპტორი დევიდ ნეში, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს დაზიანებული ხეებისგან ქმნის.
იგი მერქნისგან სახატავ ნახშირს ამზადებს, სკულპტურებისთვის კი სპეციალურად იყენებს გამოუმშრალ მერქანს, რითაც თითქოს ახალ სიცოცხლეს სძენს მათ – ნამუშევრები დროთა განმავლობაში იცვლიან ფერსა და ფორმას, საბოლოოდ კი ნეშომპალად იქცევიან. დევიდ ნეში მათ „წარმავალ“ ნამუშევრებს უწოდებს. ნეში ასევე მზარდი ხეებისგან „მომავალ“ სკულპტურებსაც ქმნის – არტისტი მათ სხლავს და სასურველ ფორმასა და მიმართულებას აძლევს გასაზრდელად. „წარმავალი“ და „მომავალი“ ნამუშევრების ცნობილი მაგალითებია – „მდგარი ჩარჩო“ და „იფნების ტაძარი“. ენდი გოლდსუორსი
ისევე როგორც დევიდ ნეში, თანამედროვე ინგლისელი სკულპტორი ენდი გოლდსუორსიც თვლის, რომ ბუნება და მისი შემადგენელი ელემენტები ცვალებადია – ისინი იზრდებიან, ცოცხლობენ და კვდებიან. სწორედ ამ იდეით შთაგონებული, იგი ცდილობს, მისი ნამუშევრებიც, ბუნების მსგავსად, ცოცხალი და წარმავალი იყოს. ხელოვანის სკულპტურებს გარდა ინგლისისა და შოტლანდიისა, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-სა და ჩრდილოეთ პოლუსზეც კი შეხვდებით. იგი ნამუშევრების შექმნისას ხეების გარდა სხვა ბუნებრივ მასალასაც იყენებს – ქვას, ფოთლებს, ყვავილებს, ქვიშას, ყინულს. ენდი გოლდსუორსის მთავარი მიზანი ბუნების შეცნობა და მასთან ჰარმონიული ურთიერთობაა. ავტორი : მარიამ ყაყიტაშვილი
#ეკოლოგია
#
0