რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წლის ბოლო სხდომაზე რეგიონში იარაღის თავისუფალი ტარების დაკანონებაზე იმსჯელეს - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
საკითხს დე ფაქტო დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ე.წ. კომიტეტის თავმჯდომარე, ილია გუნიამ, რომელმაც პროექტი წარადგინა, განაცხადა, რომ იარაღის შესახებ კანონი უძველესი დროიდან არსებულ ტრადიციების განსამტკიცებლად სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის და უსაფრთხოების დაცვას შეიარაღებული რეზერვის საფუძველზე უზრუნველყოფს.
"მოგეხსენებათ, ჩვენს საზოგადოებაში იარაღის ქონა და ტარება ყოველთვის განიხილებოდა, როგორც პიროვნების პოლიტიკური თავისუფლების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ელემენტად. უძველესი დროიდან ჩვენი თავდაცვის სისტემა შეიარაღებული რეზერვისგან შექმნილ დანაყოფებს ტერიტორიულ საფუძველზე ემყარებოდა. ახლა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საფუძველი შეიარაღებული რეზერვია, ხოლო წვევამდელთა სამსახური და სამხედრო სწავლება შექმნილია იმისთვის, რომ სამხედრო უნარების შენარჩუნება და გაუმჯობესება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს" - განაცხადა ილია გუნიამ.
დე ფაქტო პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, ბათალ ტაბაღუა იარაღის ტარების შესახებ კანონპროექტის ინიციატივის ავტორს დაეთანხმა, რომ მისი ტარება ნორმალურია, მაგრამ მან დეპუტატებს საკითხის სიფრთხილით მოკიდებისკენ მოუწოდა და გაიხსენა, როგორ მოკლეს ერთ-ერთი ქორწილის დროს თამადა ცეცხლასროლი იარაღით აფხახეთში. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევები ცოტა არაა.
რაულ ლოლუა მიიჩნევს, რომ იარაღის ტარების ლეგალიზაციით ნებისმიერი იარაღის პოვნა იქნება შესაძლებელი, რომლითაც ადამიანის მოკვლა ან დაჭრა მოხდება, რადგან მისი არგუმენტით, ყველა მონაცემი სამართალდამცავი ორგანოების ხელში იქნება. რაც შეეხება ერთ-ერთი კოლეგის რეპლიკას, რომ ეს გარდაცვლილს ცხოვრებას ვერ დაუბრუნებს, ის პასუხობს:
"ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იარაღის ფლობის კულტურაზე, მაგრამ როგორ გინდათ დავნერგოთ ეს კულტურა, თუ ამის უფლებას არ ვაკანონებთ?" - თქვა მან.
წლის ბოლო სხდომაზე დე ფაქტო პარლამენტმა, ასევე, 2021 წლის ბიუჯეტი განიხილა, სადაც გალის რაიონისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხზე იმსჯელეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა