აშშ კვანტური ინტერნეტის შექმნას ცდილობს, რომლის დაჰაკვაც შეუძლებელი იქნება.

0
ამერიკის შეერთებული შტატები კვანტურ კომპიუტერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ინტერნეტის შექმნაზე მუშაობს, რომელში შეღწევაც ჰაკერებისთვის შეუძლებელი იქნება. პროექტის მონახაზი ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. ► 44.2 ტერაბიტი/წამში - ინტერნეტის სიჩქარის ახალი რეკორდი დამყარდა ინოვაციური იდეის განსახორციელებლად დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული 17 სახელმწიფო ლაბორატორია და ტექნოლოგიური ცენტრი გაერთიანდა. მათი მიზანი უსაფრთხო ქსელის შექმნაა, რომელიც ინფორმაციას კვანტური ნაწილაკების მეშვეობით გადასცემს. ეს სუბატომური ერთეულები ერთმანეთთან ისე არიან გადაჯაჭვული, რომ ამა თუ იმ მანძილით დაშორების მიუხედავად, სივრცით მდგომარეობასაც კი იზიარებენ. ასეთი კავშირი შესაძლებლობას იძლევა, მონაცემები ერთი წერტილიდან მეორეში წამიერად გადაიგზავნოს. მსგავსი ინტერნეტის დაჰაკვა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან ზემოხსენებული გზით ტელეპორტირებული სიგნალი მცირე ჩარევის შემთხვევაშიც კი იცვლება, რასაც ფიზიკაში დამკვირვებლის ეფექტი ეწოდება.  ოფიციალური პირების განცხადებით, ამგვარი საკომუნიკაციო სისტემა 21-ე საუკუნის მიღწევა იქნება და ახალ ტექნოლოგიურ ერას დაედება საფუძვლად, თუმცა ამისთვის ერთობლივი ძალისხმევა იქნება საჭირო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ილინოისის შტატში მდებარე არგონის სახელმწიფო ლაბორატორიამ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ელემენტარული ნაწილაკების, ფოტონების დაკავშირება 83 კილომეტრის ფარგლებში უკვე შეძლო, რაც სპეციალისტებს დასახული მიზნისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნიათ. უახლოეს მომავალში მეცნიერები ამ მანძილის გაზრდასაც გეგმავენ, რისი წყალობითაც ჩიკაგოს რამდენიმე გარეუბანთან ერთად ქსელს ქალაქ ბატავიაში მდებარე კვლევითი დაწესებულება Fermilab შეუერთდება. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, კვანტური ინტერნეტის პროტოტიპი მომავალი 10 წლის განმავლობაში შეიქმნება და მას პირველ რიგში საბანკო საქმეში, ჯანდაცვის სექტორში, უსაფრთხოების სამსახურებსა და ავიაციაში გამოიყენებენ.
#feedcgrant
Feedc
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0