მთვარის მესამე ფაზა 🌑🌘🌕 წლის დასრულებამდე 40 დღე რჩება.
21 ნოემბერს დაბადებული მორიელები უზრუნველი, ოპტიმისტი ადამიანები არიან, აქვთ იუმორის გრძნობა, სხვა მორიელებისგან განსხვავებით, პირქუში არ არიან.
ამ დღეს დაბადებულები ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებენ. თავიანთი თავის რეალიზებას უფრო საქმიანობის პროზაულ სფეროებში ახდენენ. არჩეული საქმეს ერთგულად ემსახურებიან.
წარმატებები სამსახურში ამ ადამიანებისთვის ასაკობრივ ფაქტორთან არის დაკავშირებული. 30 წლამდე ისინი ხშირად მეამბოხენი არიან, ეძებენ საკუთარ თავს, სხვადასხვა საქმეში ცდიან ბედს. შემდეგ უკვე მშვიდდებიან და არჩეულ საქმეს დიდი პროფესიონალიზმითა და ძალისხმევით ასრულებენ.
21 ნოემბერს დაიბადა ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი ვოლტერი. ვოლტერის გენიალური ფრაზები:
საქმე კი არ შექმნილა აზრისთვის, არამედ აზრი შეიქმნა საქმისთვის.
არასოდეს არ ხდება დიდი საქმე დიდი სიძნელეების გარეშე.
ცხოვრება ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით.
პოეზია მუსიკაა სულისა.
მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.
შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.
ქრისტიანული დღესასწაული:
მთავარანგელოზობა
როდესაც ლუციფერი ჯოჯოხეთის უფსკრულში ეშვებოდა, მის კვალდაკვალ გაიჟღერა ხმამ: "ხით სძლევ, მაგრამ ხითვე იქნები ძლეული". მან გაიგონა, მაგრამ დაავიწყდა, რადგან, როგორც კი ღმერთს განუდგა, უგნური გახდა და გულმავიწყი. დრო გადიოდა. ლუციფერი სულ იმ სიტყვების გახსენებას ცდილობდა, რომლებიც დაცემისას მოესმა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ამის გამო უდიდესი ტანჯვა იპყრობდა. ერთხელ გველად გადაიქცა და მოტყუებით აიძულა ევა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი ეგემნა. ევამ (ღვთის ნების წინააღმდეგ) გასინჯა და ადამსაც მიაწოდა. ღვთის მცნების დარღვევას სამოთხიდან განდევნა მოჰყვა. მეტად გაიხარა მაშინ ლუციფერმა, რადგან არა აქვს სხვა სიხარული, ბოროტი სიხარულის გარდა. და იქვე, უეცრად, თავში ის სიტყვები მოუვიდა, რომლებიც ციდან დაცემისას მოესმა, ოღონდ არა ყველა, არამედ პირველი ნახევარი. გაიხსენა, როგორ ჟღერდა მის კვალდაკვალ: "ხით სძლევ", მაგრამ გაგრძელების გახსენება კი ვეღარ შეძლო. დრო გადიოდა. ლუციფერი კი სულ იმ სიტყვების გახსენებას ცდილობდა, რომლებიც დაცემისას მოესმა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან, როგორც კი ღმერთს განუდგა, უგნური გახდა და გულმავიწყი. ამის გამო მას უდიდესი ტანჯვა იპყრობდა. როდესაც ებრაელებმა ქრისტეს სიკვდილი მიუსაჯეს და ხის ჯვარს გააკრეს, ლუციფერმა მეტად გაიხარა, მას ხომ არა აქვს სხვა სიხარული, ბოროტი სიხარულის გარდა. უეცრად, იქვე მოაგონდა დავიწყებული სიტყვები, რომელთა გახსენებას საუკუნეების მანძილზე ცდილობდა და არ შეეძლო: "ხითვე იქნები ძლეული!" გაიხსენა და აუწერელმა შიშმა შეიპყრო. ხის ჯვარს, როგორც ცეცხლს, ისე გაექცა და ძრწოლაატანილი გადაეშვა ჯოჯოხეთში. მთელი ქვესკნელის ძალები შეგროვდნენ მის ირგვლივ და ამგვარი შიშის მიზეზს ეკითხებოდნენ, მას კი სიტყვის წარმოთქმაც არ შეეძლო. და მაშინ მოვიდა უფალი და დაარბია ჯოჯოხეთი. ასე აღსრულდა სიტყვები: "ხით სძლევ, მაგრამ ხითვე იქნები ძლეული"!
გილოცავთ მთავარანგელოზობას
მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ!