მთვარის მეოცე დღე 🌗🌗🌗 მესამე ფაზა. გუშინ გაზაფხულის ბუნიობა იყო. დააკვირდით? იგრძენით?
დღემ მატება დაიწყო🌼🌼🌼
21 მარტის ჰოროსკოპი:
21 მარტს დაბადებულები საკმაოდ უჩვეულო ადამიანები არიან. მათი ცხოვრების გზა სავსეა როგორც მწვერვალების ტრიუმფული დაპყრობებით, ისე სასტიკი ვარდნებით, მიმართულებების მკვეთრი ცვლილებებით. მათი დადებითი თვისებებია ძალა, სიჯიუტე, შემოქმედებითი აზროვნების უნარი, ახალი ცოდნისა და უნარების სწრაფი ათვისება. უარყოფითი თვისებებია თავშეუკავებლობა, ფეთქებადი ხასიათი, მოუთმენლობა, ზედმეტად დიდი ამბიციები.
ამ ნიშნის წარმომადგენლები თუ ისწავლიან საკუთარი ემოციების გაკონტროლებას, დადებითი თვისებების გამოყენებით შეძლებენ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის მოპოვებას, რომელიც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებს.
21 მარტს დაბადებულების პირადი მახასიათებლებია უკომპრომისობა, მზადყოფნა სიახლეებისადმი, ზედმეტი პირდაპირობა, ახალ-ახალი შემოქმედებითი იდეებისა და მათი რეალიზების უნარი. ეს თვისებები გაზაფხულის ბუნიობის დღესთანაც არის დაკავშირებული. ეს ასტრონომიული მოვლენა უწინ გაზაფხულის მოსვლას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავდა. ეს დღე, მარსის ზეგავლენასთან ერთად, აძლიერებს ამ დღეს დაბადებულების ენერგიას, ანიჭებს მათ შემოქმედებით პოტენციალსა და სუფთა აურას.
ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მეოცნებეები და ფანტაზიორები არიან - ნებისმიერი დაუჯერებელი და ფანტასტიკური იდეიდან მატერიალური მოგების მიღება შეუძლიათ. მათ უყვართ ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს; პროექტის ხორცშესხმის დროს იქმნება სტრუქტურები, რომლებიც ადრე თუ გვიან ინგრევა, რადგან მისი შემქმნელი მისდამი ინტერესს კარგავს. ამას საფუძვლად შეიძლება ისიც ედოს, რომ ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ კომპრომისებზე წასვლა არათუ საქმიან პარტნიორებთან, არამედ თავად რეალობასთანაც კი.
რჩევა 21 მარტს დაბადებულებს:
წარმატების მისაღწევად საკმარისია, ისწავლოთ საკუთარი მრისხანების მართვა, განავითაროთ საკუთარ თავში ტაქტი და სიფაქიზე. ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი სურვილებისა და მოთხოვნების შესახებ, რადგან ადამიანებს სხვისი ფიქრების წაკითხვის უნარი არ აქვთ. ნუ იქნებით მეწვრილმანე, ამპარტავანი და ნუ მოინდომებთ შურისძიებას წლების შემდეგ. სიამაყე და მსგავსი ემოციები რეალობის ადეკვატურად აღქმაში გიშლით ხელს და ამას ცხოვრებისა და თქვენი პიროვნების ტრაგიკული დანგრევა შეუძლია.
21 მარტს დაბადებულები:
იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685 წელს გერმანიის პატარა ქალაქ აიზენახში, მევიოლინე ამბროზიუს ოჯახში. იგი მერვე შვილი იყო, ვიოლინოზე დაკვრას მამა ასწავლიდა. პატარა იოჰანს შესანიშნავი ხმა ჰქონდა და მღეროდა სკოლის გუნდში. ცხრა წლის ბახი დაობლდა და ქალაქ ორდრუფში, უფროსი ძმის იოჰან კრისტოფის ოჯახში მოუწია ცხოვრება. იოჰან კრისტოფი ეკლესიაში ორგანისტად მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ბახი სწავლობს კლავირზე და ორგანზე დაკვრას, დადის გიმნაზიაში. ბახის განსაკუთრებული ინტერესი მუსიკისდამი უფროსი ძმის გაღიზიანებას იწვევდა.ერთხელ ბახმა ძმის კარადაში იპოვა რვეული, გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებით. ეს ნაწარმოებები კრისტოფის აზრით, მეტად რთული იყო პატარა იოჰანისთვის და ამიტომ აუკრძალა მათი ხელის ხლებაც კი. მაშინ ბახმა ღამღამობით, მთვარის შუქზე, მალულად დაიწყო რვეულის გადაწერა. ასე გრძელდებოდა თითქმის ნახევარი წელი, რის გამოც მას მხედველობა დაუზიანდა. მას გადაწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ნაწარმოები, როდესაც ერთხელ ძმამ მიუსწრო და ჩამოართვა ნაშრომი. შემდგომშიც, მთელი ცხოვრების მანძილზე ბახი არ ეგუებოდა და არ ემორჩილებოდა არანაირ აკრძალვას. იგი უდიდესი ინტერესით ეცნობოდა და სწავლობდა თავისი წინამორბედი და თანამედროვე ოსტატების ნაწარმოებებს- პალესტრინას, ფრესკობალდის, კუპერენის, კორელის, ვივალდის, ჰენდელის და ტელემანის მუსიკას.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო. ეს ეკლესია მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361-363) გადაწყვიტა კერპთაყყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით, თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილებაში.
მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.
პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.
სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა - გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებმა ომში მოკლეს.
დღის საკითხავი :
"ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს."
"ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით."
"რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს – ესაა ბაგრატიონი."
"რელიგია - ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები."
"იყო პატიოსანი – ეს ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი."
ნაპოლეონ ბონაპარტი
მშვიდობას გისურვებთ❤️
მშვიდობა უკრაინას 💙💛🇺🇦
არა ომს💙💛