2100 წლისთვის მიწისქვეშა წყალი მილიონობით ადამიანისთვის დასალევად ზედმეტად ცხელი იქნება

1
სულ რამდენიმე ათწლეულში შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი მტკნარი წყლის რესურსი დასალევად მიუწვდომელი გახდეს 💧
• ახალი კვლევის თანახმად, 2100 წლისთვის 75 მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს ისეთ ადგილებში, სადაც მიწისქვეშა წყალი ძალიან ცხელი იქნება დასალევად.
საუკუნის ბოლოსთვის, მიწისქვეშა წყლების ტემპერატურა 3.5°C-ით მოიმატებს.
მიწისქვეშა წყლებს დედამიწაზე სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შედარებით ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს ის კლიმატის ცვლილებაზე.
რაც დაზუსტებით ვიცით არის ის, რომ რაც უფრო თბება ტემპერატურა პლანეტაზე, წყალი შთანთქავს გლობალური დათბობით გამოწვეულ ზედმეტ სითბოს.
კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (KIT) მკვლევრებმა გლობალური მიწისქვეშა ტემპერატურის ცვლილებების მოდელირება მოახდინეს და დაადგინეს, რომ 2100 წლისთვის მიწისქვეშა წყლების ტემპერატურა 2.1 °C-ით ან 3.5°C-ით გაიზრდება.
როგორც კვლევის ავტორმა განმარტა, მსოფლიოს ზოგიერთი ნაწილი უფრო მწვავედ იგრძნობს ამ ზრდას, განსაკუთრებით პლანეტის იმ რეგიონებში, სადაც წყალი ზედაპირთან ახლოსაა.
კვლევის ავტორმა ასევე დასძინა, რომ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი უკვე ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც მიწისქვეშა წყლები მისაღებ ნორმაზე მეტად თბილია.
ეს ასევე ნიშნავს, რომ ასეთ რეგიონებში წყლის მიღება საფრთხის შემცველი იქნება და მიღებამდე ადუღება იქნება აუცილებელი.
სასმელი წყალი მილებშიც თბება, რადგან მიწის ტემპერატურაც იმატებს.
კვლევისას შედგენილი სცენარის მიხედვით, 2100 წლისთვის შესაძლოა რამდენიმე ასეულ მილიონამდე ადამიანი დაზარალდეს.
და, თუ გაინტერესებთ რა პრობლემაა თუ წყალი ოდნავ თბილი იქნება - მოდით, ეს საკითხიც განვიხილოთ.
მიწისქვეშა წყლის ტემპერატურა გავლენას ახდენს მთელ რიგ ბიოგეოქიმიურ პროცესებზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მის ხარისხზე.
მაგალითად, გარკვეულ პირობებში მიწისქვეშა წყლების ტემპერატურის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზრდა, როგორიცაა დარიშხანი ან მანგანუმი.
კვლევის ავტორის თქმით, ამ ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიწისქვეშა წყლები გამოიყენება, როგორც სასმელი წყალი.
მას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს პათოგენების ზრდას და გავლენა მოახდინოს ეკოსისტემებზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ნახშირბადისა და საკვები ნივთიერებების ციკლებზე.
საერთო ჯამში, ეს შედეგი არ იქნება კარგი არც ჩვენთვის, არც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომელიც დამოკიდებულია მიწისქვეშა წყლების სისტემებზე.
» „ჩვენი შედეგები აჩვენებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიწისქვეშა წყლების დასაცავად ზომების მიღება და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების პოვნა მიწისქვეშა წყლებზე კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების დასაძლევად“, - დაასკვნა კვლევის ავტორმა.
  მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.  
1