რაჭა

0
რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა. რომ მოუსმენ, სხვა რამეს მიხვდები. ოღონდ ახლოს უნდა მიხვიდე, სხეულზე ყური დაადო და ისე მოუსმინო. გესმის? რაჭული გული სწრაფად ცემს. ძალიან სწრაფად. ეს სიდინჯე და დუნე სიტყვა სულ თამაშია. თვალები გასცემენ ამ თამაშს. ჩქარი და ციმციმა. რაც იქ დარდია და სიხარული, ეგ დუნე ვერ იქნება. რაჭული ჭიშკარი ისეთია, რომ გაღებას დაგავიწყებს - დაჯდები და უყურებ. ფერმკრთალი ცისფერი. მობერებული ცისფერი. რაღაც ზეციური ჩუქურთმებით. ფოტოს ვერ ვუმიზნებ, ძნელად უმკლავდება და ასე, ნაწერს ვაშველებ. ასეთი ჭიშკრები არსად მინახავს. ამ ჭიშკრებს სახლებში კი არა, ადამიანებში შეყავხარ. და ეს ადამიანები, ოთხმოცდაათი წლის სიმონიკები და ნათიკები, სახელებშიც კი ბავშვობადანარჩუნებულები, გკარნახობენ, რომ გაჩუმდე და მათ გულს ყური დაუგდო. რაჭას სათქმელი ბევრი აქვს. მოსმენა უნდა.
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0