მეორე მსოფლიო ომის "რადიო ომი" - პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები.

0
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მედიასაშუალებებს. 21 საუკუნეში, პოლიტიკური ლიდერები ძირითადად ონლაინ მედიას ან სოციალურ ქსელს მიმართავენ, თუმცა ადრე, ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალება გახლდათ რადიო ან ბეჭდური მედია. პოლიტიკოსების მიერ რადიო/ბეჭდური მედია ყველაზე აქტიურად მე-2 მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, რადგან ყველა ქვეყანაში საჭირო იყო საზოგადოების მობილიზება, მათი სიმშვიდის შენარჩუნება და თავისუფლების გარანტის მიცემა. 1940 წლის 13 მაისს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა თემთა პალატას მიმართა. (შესაბამისად მთელ საზოგადოებას, რადგან სიტყვით გამოსვლა ტრანსლირებული იყო რადიოს მეშვეობთ). "მე თქვენ სხვას ვერაფერს შემოგთავაზებთ, გარდა სისხლისა, ცრემლისა, ოფლისა და მძიმე შრომის" - "გამარჯვება ნებისმიერ ფასად, გამარჯვება მთელი ამ ტერორის მიუხედავად, რადგან გამარჯვების გარეშე არ არსებობს გადარჩენა" იგი ხშირად ხმარობდა გამარჯვება-გადარჩენა ტერმინებს, რადგან საზოგადოებაში არსებული შიშის ტრანსფორმაცია მოეხდინა რეალურ ქმედებებში, რამაც ცალსახად გაამართლა, რადგან უკვე 5 წლის შემდეგ მან ისევ მიმართა საზოგადოებას " ვერც ამ გრძელმა წლებმა, ვერც მრავალმა ხიფათმა, ვერც მტრის დაუნდობელმა შემოტევებმა ბრიტანელი ხალხის მტკიცე ნება ვერ შეასუსტა, ეს თქვენი გამარჯვებაა !" აქვე უნდა ვახსენოთ 1940 წელს BBC-ს მეშვეობით შარლ დე გოლის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც იგი ოკუპირებულ და დაცემულ ფრანგებს სულიერად ამხნევებს "ნუთუ უკანასკნელი სიტყვა ნათქვამია? ნუთუ იმედი არ არსებობს? ნუთუ მარცხი საბოლოოა? არა და არა, რაც არ უნდა მოხდეს, ფრანგული წინააღმდეგობის ცეცხლი არ ჩამქრალა და არც უნდა ჩაქრეს!" საგულისხმოა, რომ სხვადასხვა იდეოლოგიების თუ პოლიტიკური ორიენტაციის ლიდერები საზოგადოების წინაშე მილიტარისტულ-სამხედრო "გამამხნევებელ და ნუგეშის შემქმნელ" სიტყვებს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ. დაახლოებით ერთი იდეა იყო თითოეულის სიტყვებში, რადგან ყოველი მათგანი საერთო ძალით ერთ მტერს - ფაშისტურ გერმანიას ებრძოდა. სწორედ ამიტომ, რადიოგამოსვლებში ჩერჩილი ხშირად მიმართავდა ფრანგებს, ერთ-ერთი მიმართვის ტექსტი ასე გამოიყურება "მაშ, ღამე მშვიდობისა, ტკბილად დაიძნეთ, მოიკრიბეთ ძალები, განთიადისთვის, ვინაიდან ის დადგება, ის იქნება ბრწყინვალე - მამაცებისთვის, ნათელი - ერთგულებისთვის და დიადი - დაცემული გმირების საფლავებისათვის. გაუმარჯოს საფრანგეთს ! " აქვე, აღსანიშნავია სიმბოლო V-ს ინტერპრეტაცია, რადგან მეორე მსფოლიო ომის დროს პოლიტიკური ლიდერები მას ხშირად ხმარობდნენ. ისტორია იწყება 1941 წლის 14 იანვარს, როდესაც გერმანული ოკუპაციისაგან შევიწროვებული ბელგიური გამომცემლობა "რადიო ბელგია" ლონდონში გაიხიზნა, მისმა წამყვანმა თანამემამულეებს სთხოვა ომის სიმბოლოდ აერჩიათ V, რადგან "ასო V არის სიტყვა გამარჯვებას პირველი ასო ფრანგულად, ხოლო თავისუფლების პირველი ასო ფლამანდიურზე." ახლა კი განვიხილოთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინის სიტყვით გამოსვლები. საბჭოთა კავშირს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიხედვით, "თავდაუსხმელობის" ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომელიც ფაშისტურმა გერმანიამ დაარღვია. ამ დროს, საბჭოთა კავშირის ბელადს, სტალინს საზოგადოების მობილიზება, მეომრების გამხნევება და საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნების პასუხისმგებლობა ჰქონდა. თავდაპირველად რადიოგანცხადება მოლოტოვმა გააკეთა, "ჩვენი საქმე სამართლიანია, მტერი განადგურებული იქნება. გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება". ახლა ჯერი სტალინზე მიდგა, მას უნდა გაეკეთებინა განცხადება, რადგან საზოგადოება ყველაზე მეტად საკუთარ ბელადს ელოდა. ტექსტი სტალინმა თვითონ დაწერა, რადგან მნიშვნელოვანი იყო შეენარჩუნებინა სწორი ინტერპრეტაცია და უშუალო კონტაქტის განცდა მეომრებთან და საზოგადოებასთან. საბოლოო ჯამში, მან უჩვეულო ინტიმურობით მიმართა საზოგადოებას " ამხანაგებო ! მოქალაქეებო ! ძმებო და დებო ! ჩვენი არმიის ფლოტის მებრძოლებო ! თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო !". სტალინი ამასთანავე აქცენტს აკეთებდა მიმდინარე ომის სამამულო ხასიათზე. მას მაგალითად მოჰყავდა არაერთი ბრძოლა (მაგ.ნაპოლეონთან) სადაც რუსეთმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა. სწორედ მებრძოლი სულის შესანარჩუნებლად, ომის დამდგომს, 7 ნოემბერს მაინც ჩატარდა სსრკ-სთვის მნიშვნელოვანი სამხედრო აღლუმი. ამის შესახებ, დამსწრე აუდიტორიამ დილის 5 საათზე გაიგო. სასწრაფოდ მოხერხდა რადიო-მედიის მობილიზება. ამჯერად, აღლუმის მეთაურის ნაცვლად, საზოგადოების წინაშე სიტყვით სტალინი გამოვიდა. იგი ხშირად ხმარობდა ტერმინს "ჩვენ" და "ისინი" რადგან საზოგადოების ერთობა მოებილიზებინა და დასაწყისშივე გაემიჯნა ორი პოლუსი ერთმანეთისაგან, ამასთან იგი ყოველთვის იხსენებდა ისტორიულ გამარჯვებებს და მომავლის გარდაუვალ მოგებას პროგნოზირებდა. #რადიო #პროპაგანდა #პოლიტიკა
0