დუმაში შეიტანეს კანონპროექტი მობილიზაციის პერიოდში ალტერნატიული სამსახურის შესახებ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეტანილია ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონპროექტი ნაწილობრივი და საერთო მობილიზაციის პერიოდისთვის. დეპუტატებმა სარდანა აქსენტიევამ და მაქსიმ გულინმა პარლამენტს მიმართეს წინადადებით, შეივსოს მუხლი „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მზადებისა და მობილიზაციის შესახებ“. კანონპროექტის განმარტებითი ტექსტიდან ჩანს, რომ კანონპროექტი საშუალებას იძლევა გასწორდეს ხარვეზი კანონმდებლობაში და აფართოებს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლის უფლება აქვთ. „თადარიგში მყოფ მოქალაქეებს უფლება აქვთ გაწვევით სამხედრო სამსახური ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით შეცვალონ ნაწილობრივი მობილიზაციის პერიოდში,“ ნათქვამია კანონპროექტი. კანონპროექტში ჩამოთვლილია ადამიანების რამდენიმე კატეგორია, რომლებსაც შეუძლიათ სამხედრო სამსახური სამოქალაქოთი შეცვალონ. ამ კატეგორიებს განეკუთვნებიან: • ადამიანები, ვისი მრწამსი ან რელიგია ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურს; • რუსეთის მცირერიცხოვანი ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ეწევიან და ძირძველი მცირერიცხოვანი ხალხების ტრადიციულ რეწვას ეწევიან; • ადამიანები, რომლებიც არჩენენ 18 წლამდე ასაკის სამ ან მეტ შვილს; • მარტოხელა მამები, რომლებიც 18 წლამდე ასაკის ერთ ან მეტ შვილს არჩენენ; • ოჯახის ერთადერთი მარჩენლები, რომლებსაც ინვალიდი შვილები ჰყავთ; • მარტოხელა მშობლის ერთადერთი ვაჟი ან ერთადერთი ქალიშვილი; • ადამიანები, რომლებიც არჩენენ 18 წლამდე ასაკის ორ შვილს და ცოლს, რომლის ორსულობის ვადაა არანაკლებ 22 კვირა; • კანონპროექტი ასევე შეიცავს წინადადებას, ალტერნატიული სამსახურის გავლის უფლება მიეცეთ იმ სამხედრო მოსამსახურეების ვაჟებს ან ძმებს, რომლებიც სამხედრო სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით დაიღუპნენ. 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პრეზიდენტმა მას ნაწილობრივი უწოდა, მაგრამ ბრძანებულების ღია ნაწილში ის არავითარი პარამეტრებით არ არის შეზღუდული. თავდაპირველად დაგეგმილია 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა. აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთი პროცენტია. https://www.radiotavisupleba.ge/a/32071217.html

Source: radiotavisupleba.ge