შიშების დაძლევა უნდა ვისწავლოთ

0
ბავშვობაში ტყუილების მეშინოდა. დიდების ან პატარების კი არა (ასეთი დაყოფა მერე ვისწავლე, მანამ ყველა ერთი ზომის მეგონა) ყველანაირის. მეგონა დავისჯებოდი. არადა დავდიოდი და ბედნიერებებს ვიგონებდი. ყველას ვეუბნებოდი რომ მათ არ დაუნახავთ თორემ კარგადაც ვყოფილვარ. ერთხელ სკოლაში მოთხრობა მოვისმინე. ავადმყოფ გოგოს ეტყვიან რომ ხეს როცა ბოლო ფოთოლი მოწყდებოდა მაშინ მოკვდებოდა. მისი მეგობარი მხატვარი მთელი ღამე ფოთოლს ხატავდა ხეზე და გაიყინა. ფოღოლი არ მოწყდა და გოგონაც გადარჩა. ამის შემდეგ დავყავი ტყულები კეთილებად და ბოროტებად. თუმცა მაინც მეშინოდა. შემდეგი ქარის შიში იყო... მეგონა სახლი თავზე დამენგრეოდა. ასე ადგებოდა ჩემი ოთახის ოთხივე კედელი და ჩემს საწოლს დაეცემოდა და როცა ქარი ამოვარდებოდა-ვიმალებოდი.ვკანკალებდი და ვიმალებოდი. მერე გავიზარდე და მივხვდი იმდენს გაუძლო ჩემმა სახლმა-ერთი აფორიაქებული ქარი ვერაფერს დააკლებდა და როცა ერთ ღამეს ძლიერი ქარი ამოვარდა და სახლებს სახირავები ახადა, ჩემმა სახლმა შიშები არ გამიმართლა და უვნებელი იდგა თავისი ნანგრევებით. მერე ზღვის მეშინოდა. არ მქონდა ნანახი და მეშინოდა. დავხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგენდი უზარმაზარ ლურჯი წყლის გროვას რომელსაც ბოლო არ უჩანს და მისი იდუმალება ერთიანად გამაკანკალებდა.მაგრამ არ ვახელდი თვალებს-მიყვარდა. ახლაც მიყვარს და უფრო მეტად მეშინია.რა ვიცი იქნებ გადაწყვიტოს რომ ყველა იმ ქვის დაბრუნება უნდა რომელიც წამოვიღე, ყველა იმ მოგონების რომელიც დამითმო. ახლა გავიზარდე. ბავშვობიდან ქარის შიში გამომყვა ისეთივე საშინელი, როგორიც იყო. ზღვის შიშიც.ტყუილების აღარ, აღარაფერს ვიგონებ და იმიტომ. ახლა ადამიანების მეშინია ხოლმე, ცუდების ან კარგების კიარა, ყველა ადამიანის. ცხოველების, ჩემი თავის, ღამეების, მარტო ყოფნის, სიბნელის და უამრავი რამის. ესენი ისეთი შიშებია რომ ვერსად დატოვებ, ვერსად ჩაკეტავ, მათ გარეშეც ვერ იარსებებ. უნდა იარო და თან ატარო. ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს: შიშების დაძლევა უნდა ვისწავლოთ, შიშების-მეთქი მაგრამ შიში ერთადერთია რაც საკუთარი გამაჩნია ჩემი ყველა შიში მიყვარს. ისინი ერთადერთი გზაა ზუსტად ისეთივე გახდე როგორიც ბავშვობაში იყავი.
0