ფეხით გავდიოდი 14 ან 16 კილომეტრს. მაგრამ, ამ ყველაფერის მიუხედავად, არ დავნებდი-მაია ველისპირელი

0
მაია ველისპირელი ოთხი წელია, დმანისის სოფელ გიზილაჯილის სკოლაში ასწავლის ქართულს. ის ქართულ ენის სწავლებისთვის რესურსების ნაკლებობაზე საუბრობს. "როცა სკოლაში პირევად მოვედი, ბავშვებმა დაბალ დონეზე იცოდნენ ქართული. ანბანი მთლიანად არ იცოდნენ არც ყოველდღიური, მარტივი სიტყვები. ოთხი წლის შრომის შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში ქართული ენის დონემ აიწია. უკვე მოსწავლეებთან, კოლეგებთან სახელმწიფო ენაზე კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელია. მოსწავლეებს აქვთ სურვილი, რომ ისწავლონ ენა, მაგრამ ეს მათთვის მარტივი არ არის და ხანდახან ზარმაცობენ კიდეც. ამაზე გავლენას ახდენს ის ფაქტიც, რომ მათ მშობლებს არ აქვთ განათლება და ქართულიც არ იციან. 45-წუთიანი გაკვეთილით ქართულის სწავლა რთულია. აქ არ უყურებენ ქართულ ტელეარხებს, ქართველ მოსახლეობასთან არ აქვთ კავშირი. ბიჭები ხანდახან ფეხბურთს თამაშობენ ქართველებთან, მაგრამ გოგოებს ამის შესაძლებლობაც არ აქვთ. წარმოიდგინეთ, მეოთხე კლასის ზემოთ გოგოებს ექსკურსიაზეც არ უშვებენ". მაია ამბობს, რომ ზოგადად სოფელში მცირეა ისეთი ახალგაზრდების რაოდენობა რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ. "სკოლა მეცხრე კლასამდეა, ჩვენთან ახლოს 12-წლიანი სკოლა კი 12 კილომეტრში მდებარეობს. ძალიან ცოტა მოსწავლე აგრძელებს სკოლას, მათგან უმრავლესობა კი ბიჭია. გოგოებს ან არ აქვთ სურვილი სწავლის გაგრძელების, ან სხვა სოფელში სიარული მათთვის რთულია. ზოგადად, აქ ქალების პროცესებში ჩართულობა დაბალ დონეზეა. მაგალითად, თუ ვინმე პოლიტიკოსთან შეხვედრაა, არც ერთი ახალგაზრდა ქალი არ ესწრება. არჩევნებზე კი დადიან, მაგრამ იმ ნომერს ხაზავენ, რომელიც ქმარმა ან მამამ დაავალა". მაია მასწავლებელი ასევე ამბობს, რომ რთული იყო მისთვის უცხო გარემოში მუშაობა. "თავიდან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება - ფეხით გავდიოდი 14 ან 16 კილომეტრს. მაგრამ, ამ ყველაფერის მიუხედავად, არ დავნებდი. ამაში იმანაც ითამაშა თავისი როლი, რომ სოფელი, მოსწავლეები და მათი მშობლები თბილად დამხვდნენ". წყარო: ფანჯარა
#ქართულიენისმასწავლებელი
#მარნეული
#MarneuliDaily
#ახალიამბები
0