როგორი იქნება ,,როსტომ მეფის ისტორიული ქალაქი"?

0
, , როსტომ მეფის ქალაქის" სახელით ცნობილი კოშკებისა და გალავნის რეაბილიტაცია დაიწყო. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სამუშაოებს კომპანია , , ივერთმშენი" ახორციელებს.
პროექტით გათვალისწინებულია კომპლექსის სრული აღდგენა, ნაგებობის ეზოში საგამოფენო დარბაზის, საოფისე სივრცის, მოსასვენებლის, საინფორმაციო ცენტრისა და ამფითეატრის მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 557 602 ლარია, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. , , კასპის მუნიციპალიტეტი მდიდარია ტურიზმის ობიექტებით. მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.
ახალქალაქის შესახებ ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა. ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. ახალქალაქის გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის მეფის ქალაქი უწოდებიათ.
ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი. ახალქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ახალქალაქი ქალაქად აღარ იხსენიება. 1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ახალქალაქის რაიონის ცენტრი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#ისტორია
#ქალაქი
წყარო -shidaqartli.ge
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0