ჟურნალისტი დავით ნიკურაძე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარებისა და შექმნილი პრობლემების შესახებ ფეისბუქ-ჯგუფ "მოგზაურთა კლუბში" წერს:
"რას უნდა ელოდოთ სარფში და ღირს თუ არა ორჯერ დაფიქრება, საქართველოში ჩამოსვლაზე, თუკი ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი არ არის. გუშინ ჩამოვედი სტამბოლიდან. მგზავრობა სტამბოლის აეროპორტიდან ტრაბზონამდე იყო ჩვეულებრივი. ბორტზე დაარიგეს პატარა პაკეტები, რომლებშიც პირბადე და ხელის სანიტაიზერი იდო. თვითმფრინავი - მგზავრებით სავსე. გაგიკვირდებათ და როგორც კი საქართველოს საზღვრებს გაცდებით, ნახავთ, რომ ადამიანები ჩვეულებრივად ცხოვრობენ: დადიან, მოგზაურობენ, რესტორნებში სხედან და სიცოცხლეც უხარიათ. ყველგან აღდგენილია რეისების უმეტესობა და ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან.
ტრაპიზონიდან სარფამდე ტაქსი 80$ ღირს. ტარიფი ოფიციალურად დადგენილია. მგზავრობა დაახლოებით 2 საათს გრძელდება. შეგიძლიათ გადახდა როგორც დოლარით, ასევე მისი ექვივალენტური კურსით ლირაში. მეორე ვარიანტია ტრაბზონის ავტოსადგურში წასვლა, იქიდან ავტობუსით ხოფამდე და ხოფადან ტაქსით. სარფის საზღვარზე, თურქულ მხარეს სიცარიელე იყო. სწრაფად გავიარეთ საპასპორტო კონტროლი, საბაჟო შემოწმება და დერეფნით გადავედით ქართულ მხარეს. გამიკვირდა, ადამიანები რომ ვერ დავინახე. არადა, ვიცოდი, ქართველები ამ გზით ბრუნდებიან.
ჩავედით ქვემოთ და, რა თქმა უნდა, დაგვხვდა დიდი რიგი, რომელიც არ იძვროდა. უკონდიციონერო, ჩახუთულ დერეფანში (აჭარის ნესტი ხომ გახსოვთ ყველას?) ხალხი 6-8 საათი დგას რიგში და სულს ღაფავს. სკამიც არ არის სადმე, რომ ჩამოჯდე.
ცოტა ხანს მეც ვიდექი, შემდეგ ყველას ბოდიში მოვუხადე და ურიგოდ გავედი. ფიზიკურად ვერ ვიდგებოდი უფრო მეტ ხანს იმ რიგში, რადგან საავადმყოფოდან მოვდიოდი და იმის გამო, რომ ვიღაცამ არჩევნებში გაიმარჯვოს, ახლადოპერირებულ და ყელზე სტერი-სთრიფებით გადასკოჩილ ჭრილობას იმ ნესტსა და უბედურებაში ვერ გავიხსნიდი. ისედაც წურწურით ჩამდიოდა სახვევში ოფლი. გინდა არჩევნებში გაიმარჯვე და გინდა ყირა გაჭიმე, მაგრამ not over my dead body! არა მოქალაქეებისთვის ასეთი ჯოჯოხეთის შექმნის ხარჯზე!
ხალხი გაგებით შეხვდა ჩემს ურიგოდ წასვლას. ვნახე ნაცნობიც, რომელიც ჩემზე ბევრად ადრე იყო მისული. მოგვიანებით თქვა, რომ იმ რიგში კიდევ 6 საათის განმავლობაში იდგა.
ეტყობა, რთული მისახვედრია, რომ კიდევ 2 ექიმი და კიდევ 2 მესაზღვრე დაამატო, რომ ისედაც გამწარებული მოქალაქეები იმ ჩახუთულ დერეფანში არ ამოგუდო.
რამდენია ჩემნაირი, რომელიც სამკურნალოდ მიდის და მოდის? რისთვის და ვისთვის არის დახურული ეს საზღვრები?
პ.ს. საქართველოდან გასვლა ადვილი იყო. თურქები მხოლოდ პასპორტს ამოწმებენ და საზღვარი ღია აქვთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე 19 ივლისს მომუშავე ქართველ მესაზღვრე პოლიციელებს, რომლებმაც ძალიან სწრაფად გამატარეს, შემდეგ თავადვე მიმაცილეს თურქულ საიმიგრაციომდე და ისიც მითხრეს, რომ არაფერზე ვიდარდო, რადგან თურქეთში ექიმები სასწაულებს ახდენენ".