დასავლური სახელმწიფოები ირანული სატელიტის გაშვებას გმობენ

Headline

ირანის მიერ პირველი სატელიტური თანამგზავრის გაშვება შეერთებული შტატების შემდეგ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დაგმეს. მრავალი მოსაზრებით, 22 აპრილს, ოფიციალური თეირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით, ორბიტაზე გაშვებული სამხედრო სატელიტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა. აღნიშნული რეზოლუცია 2015 წელს, ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის დადებული ბირთვული შეთანხმების ნაწილია. „ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (Joint Comprehensive Plan of Action – JCPOA) სახელით ცნობილი შეთანხმება 2018 წელს, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა შეერთებულმა შტატებმა, ხოლო ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი კვლავ მისი მონაწილეები არიან. ხუთშაბათს, 23 აპრილს, საფრანგეთის ხელისუფლებამ დაგმო ირანის მიერ სატელიტის გაშვება და აღნიშნა, რომ ქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციას არღვევს. აქვე, ოფიციალურმა პარიზმა თეირანს მოუწოდა დაუყონებლივ შეწყვიტოს ყველა ის აქტივობა, რომელიც ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის განვითარებასთან არის კავშირში, რომლის საშუალებით ბირთვული ქობინის გადატანა ხდება შესაძლებელი. „ირანის ბალისტიკური პროგრამა რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. აღნიშნული ხელს უწყობს რეგიონში დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში. საფრანგეთის მხრიდან კონკრეტულ რეზოლუციაზე მითითება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თუ ირანი გაეროს გადაწყვეტილებებს არღვევს, დასავლეთს შეუძლია უშიშროების საბჭოს თეირანისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოსთხოვოს. ირანის განხორციელებულ ქმედებებზე შეშფოთება გამოთქვა გერმანიამაც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ბერლინის პოზიცია ისლამური რესპუბლიკის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით არ შეცვლილა, რადგან ეს იწვევს რეგიონის დესტაბილიზაციას. „ევროპის უსაფრთხოების ინტერესები, ირანის ქმედებებთან დაკავშირებით, სრულიად საპირისპირო და მიუღებელია“, - განაცხადეს ბერლინში. დიდი ბრიტანეთი შეშფოთებას გამოხატავს სამხედრო სატელიტის გაშვების გამო და ირანს მოუწოდებს თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებების განხორციელებისგან. „გაერომ არაერთხელ მოუწოდა თეირანს უარი თქვან ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე, რომლის მიზანს ბირთვული პროგრამის განხორციელება წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანეთის ოფიციალურ განცხადებაში. რაც შეეხება რუსეთს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია, ირანის მხარეს დადგა და ოფიციალური თეირანი დაიცვა. ხუთშაბათს, 23 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკრიტიკა აშშ-ის პოზიცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ირანი 2231-ე რეზოლუციას არღვევს და თავად დასდო ბრალი ოფიციალურ ვაშინგტონს ბირთვული შეთანხმების დარღვევაში. ოფიციალური მოსკოვის მიდგომით, თეირანის მიერ წარმოებული სარაკეტო პროგრამა ზემოხსენებულ რეზოლუციასთან თანხვედრაშია და აშშ-ის მხრიდან, მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. საგარეო უწყების წარმომადგენელი ზახაროვა მიიჩნევს, რომ ირანი იმ ბალისტიკური რაკეტების წარმოებით არ არის დაკავებული, რომელსაც ბირთვული ქობინების გადაზიდვა შეუძლია. ირანსა და მსოფლიოს 6 ძალას შორის (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი) 2015 წელს ე.წ. ბირთვული შეთანხმება დაიდო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციით არის ცნობილი. ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტით, საერთაშორისო საზოგადოება ოფიციალურ თეირანს მოუწოდებს უარი თქვას ისეთი ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე, რომელსაც ბირთვული ქობინების გადატანის უნარი აქვს. აშშ-ის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების, შესაბამისად ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის მიერ, ხსენებული დოკუმენტი ორჯერ გახანგრძლივდა. აღნიშნულის მიუხედავად, 2018 წლის მაისში, ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა დატოვა ე.წ. ბირთვული შეთანხმება. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, ირანი ფარულად მაინც აგრძელებდა ბირთვულ იარაღზე მუშაობას. ოთხშაბათს, 22 აპრილს, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ კავშირში მყოფმა გამოცემებმა - Fars-მა, Tasnim-მა და Sepah-მა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოფიციალურმა თეირანმა წარმატებით შეძლო შიდა წარმოების სამხედრო სატელიტის გაყვანა დედამიწის ორბიტაზე. “Noor”-ის სახელით ცნობილი სატელიტი ბალისტიკურმა რაკეტა „Qassid”-მა გაიყვანა დედამიწის ზედაპირიდან 425 კმ-ზე. ირანის მტკიცებით, მის სარაკეტო პროგრამას თავდაცვითი ხასიათი გააჩნია. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ხელმძღვანელის ჰუსეინ სალამის განცხადებით, ორბიტაზე გაშვებული სატელიტი მათ თავდაცვით შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის და სტრატეგიული ხასიათის დაზვერვის მასშტაბებს გააფართოვებს. დამატებით, 23 აპრილს IRGC-ში განაცხადეს, რომ რიგით მეორე სატელიტი, სახელწოდებით “Noor 2”-ს მზადდება დედამიწის ორბიტაზე გასაშვებად. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Iran #West #Germany #France #Britain #satellite #ballistic #headline