"ზღვარზე ვართ ლეტალობის და სიკვდილიანობის ნაწილში.."
Batumi Daily
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გუშინდელ ბრიფინგზე სადავო მე-19-ე ოლქზე გააკეთა კომენტარი. ეს ის უბანია, რომლის ხელახლა გადათვლასაც ბათუმის საოლქო კომისია დათანხმდა. 75 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ ხმები გადათვალა მხოლოდ იმ უბანზე, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველადი შემაჯამებელი ოქმით უპირატესობა აჩვენა.
"როგორც ქვეყანაში, ასევე აჭარაში საუბნო და საოლქო კომისიებმა დაასრულეს ყველა ძირითადი საჩივრის განხილვა. განხილვების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის ნაწილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის ხმები მცირედით გაუმჯობესდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის, ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" ფეიქ დღის წესრიგი, რომელიც აგებული იყო ე.წ. გაყალბებულ ოქმებზე, არ დასტურდება."
თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი იქნება ორი პოლიტიკური პარტია ''ქართული ოცნება'' და უმცირესობით "ნაციონალური მოძრაობა". მისივე თქმით, ''ქართულმა ოცნებამ'' მიიღო ხმათა უმრავლესობა და არც მთავრობის ფორმირების ნაწილში სხვა ძალა არ სჭირდებათ.
,,ქართულმა ოცნებამ“, თავისივე ინიციატივით აჭარაში უმაღლესი საბჭოს ცვლილებებით, შეამცირა, გაანახევრა მაჟორიტარების რაოდენობა და ამ შედეგებით პროპორციულ სიაში მიიღო მანდატების უმრავლესობა. უკვე მოვიგეთ ერთი მაჟორიტარული ოლქი ქობულეთში, ვემზადებით 2 მანდატის დამატებისთვის მეორე ტურში." - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
ბრიფინგზე ის ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილ აქციებსაც გამოეხმაურა. "რაც შეეხება აქციებს, ეს არის ქუჩის აქციები.. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ამ ყველაფერზე, დაძრწიან და დახეტიალობენ მათ შორის სოფლებში. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ ნუ დააყენებენ მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ჩვენ არანაირი კონსულტაციის გამართვას „ნაცმოძრაობასთან“ არ ვაპირებთ. ყოველდღიურ რეჟიმში ისმის მოწოდებები დესტრუქციისკენ."
კვირას, 8 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები თბილისსა და ბათუმში გეგმავენ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვას, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით. "კონკრეტულ ძალებს და ქუჩის აქციებში მონაწილე ადამიანებს მინდა მოვუწოდო და უმორჩილესად ვთხოვო, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ვინაიდან რეგიონში, ქალაქში გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ეპიდვითარება , ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ზღვარზე როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების, ასევე ვართ ზღვარზე ლეტალობის და სიკვდილიანობის ნაწილში.
მოქალაქის გადასაწყვეტია რომელ აქციაში, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვთხოვ და მოვუწოდებ ყველას, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები." - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში