22 ნოემბერი

16
მთვარის მე-19 დღე 🌘 მესამე ფაზა, წლის დამთავრებამდე დარჩა 39 დღე.
22 ნოემბერს მორიელები 🦂🦂🦂იბადებიან, მაგრამ, რადგან მშვილდოსნის ნიშნის გააქტიურების ზღვარზეა მათი დაბადების დღე, ამ ნიშნის გავლენა მათზე აშკარაა. ეს ადამიანები ისწრაფვიან თავისუფლებისკენ, ვერ იტანენ მკაცრ ჩარჩოებს პიროვნულ ურთიერთობებში. ისინი ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნისკენ არ ისწრაფვიან. მათთვის პირველ ადგილზე დგას განვითარება როგორც სულიერი, ისე პროფესიული კუთხით.
22 ნოემბერს დაბადებულები სქესთა თანასწორობის მომხრე არიან, უყვართ სამართლიანობა და იბრძვიან კიდეც ამისთვის. ამ ადამიანებს სხვების დახმარება ბევრ რამეში შეუძლიათ და თან, სრულიად უანგაროდ და გულწრფელად.
ამ დღეს დაბადებულები თავისუფლების მოყვარე არიან. ეს მათი, როგორც ხელქვეითის როლში ყოფნას პრობლემებს უქმნის. არიან რა კარგი შემსრულებლები, პასუხისმგებლიანი პროფესიონალები, ხელმძღვანელობის მხრიდან არასწორი (მათი აზრით) დამოკიდებულების ან საქციელის გამო ამ ადამიანებს შეუძლიათ, ბოიკოტი გამოაცხადონ. დამოუკიდებლად ხელმძღვანელობისკენ ამ დღეს დაბადებულები არ ისწრაფვიან. მათთვის ბევრად იოლია თავიანთ თავზე მუშაობა. ისინი ხშირად ირჩევენ ინდივიდუალურ შრომას. წარმატებული არიან შემოქმედებით საქმიანობაში, ბიზნესში.                                          
ქრისტიანული დღესასწაულები:
ხსენება ალექსანდრე თესალონიკელისა.                  
ღირსი მატრონასი
საკითხავი: 
მეფე გიორგი პირველის აღსარება, ნაწყვეტი რომანიდან “დიდოსტატის მარჯვენა” ყველა დროში აქტუალური , დასაფიქრებელი და ემოციურია
“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები – “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს – “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც – “ბერძნულს”.
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
“უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.”                          
“ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს.”                
“ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.”
დავით აღმაშენებელი 
დღის რჩევა :
მინდა შემოგთავაზოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამალი, რომელიც უმკლავდება გაცივებას, გრიპს, დაღლილობას, ნერვულ გადაძაბვას.
დაგჭირდებათ: ჭიქა-ნახევარი ქიშმიში, ორი ლიმონი, ერთი ჭიქა ნიგოზი, ნახევარი ჭიქა ნუშის გული.
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და კურკებგამოცლილი ლიმონი. შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნუშის გული, ქიშმიში და დაასხით 1, 5 ჩ/ჭ ჭიქა ახალი თაფლი. დადგით 3-5 დღე ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.
ასეთი უებარი წამლით ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს ზაფხულის მიწურულს, მეორე კურსს კი - ზამთარში. თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ერთი კურსი გაზაფხულზეც ჩაიტაროთ. თუ თაფლზე ალერგია არ გაქვთ, ამ რეცეპტით მომზადებული წამალი ყველასთვის სასარგებლოა. წამლის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, მაგრამ არ გირჩევთ მზა ნარევის ხანგრძლივად შენახვას, რადგან, თაფლის კონსერვანტული თვისებების მიუხედავად, აქტიური ნივთიერებები მაინც თანდათან კარგავს სასარგებლო თვისებებს.                          
ბედნიერ ორშაბათს გისურვებთ ❣️❣️❣️
16