"სალამი" ყურბან-ბაირამის დღესასწაულს გილოცავთ
87 Views
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago

პლატფორმა "სალამი" ყურბან-ბაირამის დღესასწაულს გილოცავთ. საკუთარი მილოცვა მათ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელეს. გთავაზობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალას: "სალამ-ი მთელს საქართველოს გილოცავთ ყურბან ბაირამის დღესასწაულს"!

ისლამური მთვარის კალენდრის მიხედვით, ზულჰიჯას თვის მეათე დღეს, ჰაჯის რიტუალის ბოლოს მუსლიმები ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დიდ დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მუსლიმები, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, ყურბან-ბაირამს 31 ივლისიდან დაწყებული 3 დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

სამწუხაროდ, საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დღესასწაულები იზოლირებულად, ლოკალურად და ჩუმად აღინიშნება. საქართველოს უმრავლესობისთვის ამ დღესასწაულების შინაარსობრივი და სუბსტანციური ნაწილი უცნობი და გაუგებარია. მცირე სივრცეების გარეთ, არ გვხვდება პრაქტიკები, სადაც ყველა ვზეიმობთ ერთმანეთის კულტურას და ვქნით რელიგიური, ეთნიკური, ენობრივი ხაზების გარეთ თანაარსებობის განცდას. აღნიშნული, რა თქმა უნდა, ჩვენს რეალობაში არსებულ სისტემურ და სტრუქტურულ ხარვეზებს და გამოწვევებს აშიშვლებს. ეს მდგომარეობა გვანახებს, რომ დეკლარირებული მულტიკულტურალიზმი და მრავალფეროვნება რეალურ ცხოვრებაში არ არის გაზიარებული და ამ კუთხით სახელწიფო მნიშვნელოვან მუშაობას არ აწარმოებს.

ჩვენი დაკვირვებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფეისბუქ გვერდზე მშრალი განცხადება და ყურბან ბაირამის მხოლოდ საქართველოს მუსლიმებისთვის მილოცვა არსებითად საკმარისი არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტის გარდა, არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე სხვა განცხადება არ გაკეთებულა ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. სახელწიფო უწყებების მიერ არ დაგეგმილა არც ერთი ღონისძიება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აუხსნიდა, თუ რას ნიშნავს ყურბან ბაირამი საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოს მუსლიმებისთვის. აღნიშნულ სიტუაციაში ჩვენთვის გასაგები, მაგრამ მიუღებელი ხდება, თუ რატომ არ იცის დომინანტმა ჯგუფმა ამ დღესასწაულის შესახებ. ამასთანავე, სოლიდარულად გვესმის იმ ზესტაფონელი მუშის, თელაველი გლეხის, ტყიბულელი მეშახტის, რომლებსაც საკუთარი აუტანელი ყოფის პირობებში, დამატებით ვერ იკვლევენ ქვეყნის ამ მრავალფეროვნებას.

შესაბამისად, სალამ-ში გაერთინებულ ახალგაზრდებს გვინდა, გაგიზიაროთ, თუ რას ნიშნავს ყურბან ბაირამის დღესასწაული სალამ-ისთვის, საქართველოს მუსლიმებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

სალამ-ი ამ დღესასწაულს სამ დღიან დასასვენებელ დროდ არ აღიქვამს. ჩვენთვის ყურბან ბაირამის დღესასწაული არის გაზიარების, ზრუნვის და ერთმანეთზე დაფიქრების პერიოდი. ეს დღესასწაული ჩვენთვის საკუთარ ინტერესებზე უარის თქმის და კოლექტიურ კეთილდღეობაზე დაფიქრების სამი დღეა.

სალამ-ისთვის ყურბან ბაირამი ღირებულია, რადგანაც ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოების ღარიბი წევრებისთვის კალკულაციების გარეშე, გულწრფელი ზრუნვა და მათთან რესურსების განაწილება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი მარკერია.

ყურბან ბაირამის დღესასწაული ასევე შერიგების და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პერიოდია. ამ დროს ოჯახში, თემში და საზოგადოებაში არსებული წყენებს და ბრაზს ვივიწყებთ და ერთმანეთის შეცდომებს ვპატიობთ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სალამ-ი გულწრფელად გამოთხვამს წუხილს, თუ ჩვენი მუშაობის ამ მოკლე პერიოდში, საზოგადოების რომელიმე ჯგუფი გავაბრაზეთ ან ვაწყენინეთ მათ. სალამ-ის ეს გულწრფელი წუხილი, რა თქმა უნდა, არ მიემართება ელიტების და კლანებისკენ, რომლებიც სწორედ რომ საკუთარი პრივილეგიების და ძალაუფლებების შენარჩუნების მიზნით, არსებითად ხელს უშლის სამართლიანი, მრავალფეროვანი და სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას.

სალამ-ი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატისგან განსხვავებით მთელს საქართველოს გილოცავთ ყურბან ბაირამს და გისურვებთ ერთმანეთზე ზრუნვის პრაქტიკების გაღრმავებას.

#სალამი #ყურბანბაირამი #მილოცვა

წყარო: რადიო მარნეული

#ახალიამბები
Marneuli Daily
Marneuli · 1 month ago
2
Write a comment