ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით აჭარაში პირველი ფოტო ტური მიმდინარეობს

0
პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშილმა ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ფოტოგრაფებთან შეხვედრის შედეგად დაიგეგმა და ამჟამად უკვე მიმდინარეობს ფოტო ტური აჭარაში, რომელშიც ქვეყნის ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები არიან ჩართულები. ისინი საქართველოს ყველა რეგიონს მოივლიან და ფოტო ტურების ფარგლებში შეგროვებულ მასალებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ. ფოტო ტურის ერთ-ერთი მონაწილე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი იმედოვნებს, რომ ფოტოებით საერთაშორისო ვიზიტორების დაინტერესებასაც შეძლებს. „ფაქტია, რომ დღეს ფოტოგრაფიას დიდი როლი აკისრია ტურიზმის განვითარებაში, საუბარია არა მხოლოდ შიდა ტურიზმზე ასევე საერთაშორისო ტურიზმზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი საშუალებას გვაძლევს ფოტოგრაფებს ჩავერთოთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროექტში და მეტი წვლილი შევიტანოთ ტურიზმის განვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფოტოები გავა საერთაშორისო ასპარეზზე და ამით ბევრ უცხოელ ტურისტს დავაინტერესებთ და ჩამოვიყვანთ საქართველოში - წელს თუ არა მომავალ წელს მაინც", - აცხადებს ჩანადირი. თავის მხრივ, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს როგორც ფოტოგრაფების დასაქმებას და ტურიზმის განვითარებაში მათ აქტიურ ჩართულობას, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულების მხარდაჭერას. კერძოდ, მასში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები. „პროექტის ფარგლებში შეგროვდება ახალი ფოტომასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც გამოვიყენებთ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმარებისას", - განაცხადა ქვრივიშვილმა. პროექტის მიზანია - ქვეყნის ფოტო ბანკის განახლება რაც დამატებით მოგვცემს ქვეყნის საიმიჯო ფოტო მასალას, რომლის გამოყენებაც მოხდება შიდა და საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების დროს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტით ხორციელდება ფოტოგრაფების პროფესიის ხელშეწყობა რადგან პანდემია საგრძნობლად აისახა მათ საქმიანობაზე. მსგავს პროექტებში ჩართულები არიან და იქნებიან ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში დასაქმებასა და ტურისტული პროდუქტის ცოდნის მიზნობრივად გამოყენებას.
0