0
ჰაჩის უბანში ყველა იცნობს. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ძაღლმა, ქუჩაში გამოჩენიდან მალევე თავი ისე შეგვაყვარა, რომ ზოგიერთმა ოჯახის წევრადაც კი აღვიქვით. იშვიათი შავი თვალებით ისე შემოგხედავს გეგონება, რაიმეს თქმა უნდა და ვერ ვხვდებიო. ჰაჩი დიდი ხანია სიბერეს ებრძვის, ქუჩაში. სახელი ძალზედ სიმბოლურად მოვუფიქრეთ, ისეთი წყნარი და ერთგული ძაღლია ბევრ ადამიანს რომ შეშურდება. უბანში კი ყველას ძალიან გვიყვარს, თუმცა კი, მისი ძირითადი ღამის გასათევი პირველი სართულის მეზობლის კარებია. არ არსებობს დილას კარი გაიღოს და ჰაჩი სტარტზე არ დახვდეს. შემდგომ, სტანდარტულად აცილებს ავტობუსის გაჩერებამდე და ამაყი ნაბიჯებით უბრუნდება თავის თავდაპირველ ადგილს. პირველი გამოჩენიდან 2 თვეში ჰაჩი უკვე “საყურიანი” ბიჭი გახდა. არ ვიცი, თავად რამდენად იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, თუმცა, ადამიანები შესაბამისი განყოფილებიდან ნამდვილად კმაყოფილნი დარჩნენ... თბილისის ზოგიერთი ქუჩა ისეა მოწყობილი, რომ დილით ის ადამიანების სამეფოა, ღამით კი ქუჩის ძაღლების. ჩვენ გაგვიმართლა რომ ჰაჩი გვყავს, აქ ღამითაც კი ვერცერთი ძაღლი ზედმეტს ვერაფერს გაგიბედავს. აქ სხვებზე შედარებით მომცრო ტანის, მაგრამ დიდი გულის მქონე ძაღლს მიჰყავს პარადი... ეს რამოდენიმე დღეა ჰაჩი აღარ ჩანს. ეს ფაქტი კი უბანში ყველას ძალიან უკვირს. როცა რაღაც გაწუხებს, პირველი რეაქცია ყოველთვის შესაბამისი ინფორმაციის მოძიების მცდელობაა. შესაბამისად, ჩვენც ასე მოვიქეცით. მივმართეთ პოლიციას, ცხოველთა უფლებების დაცვის ცენტრს, უპატრონო ძაღლთა თავშესაფარს(თუმცა, კი ჰაჩი უპატრონო არ ყოფილა). პასუხი ვერავისგან მივიღეთ. ამ ამბის შემდეგ თითქმის თვეზე მეტია გასული. ჰაჩი ჯერ კიდევ არ ჩანს, ჩვენ კიდევ სრულიად უძლურნი სულმოუთქმელად ველოდებით მის ჩვეულ ადგილას დაბრუნებას. პ.ს. ეს არ არის ამბავი ერთი უბნის ძაღლის შესახებ. ეს არის ყველა იმ ქუჩის ძაღლის ისტორიების გაერთიანება, რომელთა ბედ-იღბალზე ჩვენდა უნებურად არც არავინ არ ვფიქრობთ. გარკვეულ მომენტამდე მაინც...
#opinion
#photo
#news
0