აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი III)

0
1993 წელი, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისი, სოხუმი-ოჩამჩირის გზა.

ვერსია IV - „ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, რომელიც, თურმე, ვერა და ვერ გავარღვიეთ, მხოლოდ 80 აფხაზი იდგა და ერთი ტანკი ჰქონდათ“

რუზგენ გოგოხია (24-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაური): „სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ვითარება შეიქმნა — ბატალიონები თითქმის იშლებოდა, ხალხი მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნიდი მათ, რომ ომი ჯერ არ იყო დამთავრებული. ვინც დამიჯერა, დარჩა, ვინც არა — ბუნებრივია, წავიდა. 16-ში, დილით, აწ განსვენებული სოსო გოგიძე მირეკავს და მეუბნება, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო. მაშინვე დავბრუნდი ჩემს ბატალიონში, მიუხედავად იმისა, დანარჩენების მსგავსად ჩვენც წაგვართვეს საკეტები, ოთხი ტანკი მაინც მქონდა გადამალული. ათ წუთში ისინი სრულ მზადყოფნაში გვყავდა. 30 კაცი ბატალიონში დავტოვე, დანარჩენი 40 კი თან წავიყვანე. რაციით დავუკავშირდი პოზიციებზე მყოფ ჩემს ბიჭებს იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა. დაზვერვაზეც გვყავდა ხალხი გაშვებული, სერიოზული არაფერიაო. იმის თქმა მინდა, რომ ჩემს პოზიციებზე კი არ გავედი, როგორც ეს ნაბრძანები მქონდა, არამედ, იმ ადგილებში, საიდანაც უფრო ძლიერი სროლის ხმა ისმოდა. ტყვარჩელის გზაზე შედარებით სიმშვიდე იყო, მაგრამ სროლები თანდათანობით მერკულასთან გაძლიერდა და დავინახეთ, რომ ცაგერა იწვის... ამიტომაც იმ მიმართულებით წავედით... როდესაც მივედით, დავინახეთ, რომ ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი, იარაღიანი და უიარაღო, ერთი სიტყვით, ყველა გამორბის. სამხედროებმაც მიატოვეს თავიანთი პოზიციები. მათ მეთაურს, სოსო სილაგაძეს ვუთხარი, ნუ გეშინიათ, მომყავს 40 კაცი და 2 ტანკი. ამასთან, ჩემი ბატალიონის დანარჩენი წევრებისთვისაც მქონდა ნათქვამი, რომ ჩვენი გასვლიდან ერთ საათში უკან გამოგვყოლოდნენ და დარჩენილი 2 ტანკიც წამოეყვანათ. რაც შეგვეძლო, ვხოცეთ მოწინააღმდეგე... ჩვენ ერთი მებრძოლი დაგვეღუპა, მაგრამ ძალიან ბევრი დაგვეჭრა. მოწინააღმდეგეს ერთი ტანკი და ერთი „ბმპ“ ჰყავდა. ჩვენმა ბიჭებმა ტანკი დააზიანეს, მაგრამ მოძრაობა მაინც შეეძლო, „ბმპ“ კი მწყობრიდან გამოიყვანეს, მაგრამ ტანკი უკნიდან მიაწვა და გაათრია. ერთი „ბმპ“ ჩვენ დაგვრჩა, ახლაც მახსოვს „აფსნი-1“ ეწერა. დაჭრილი მექანიკოსი ამოვიყვანეთ და როგორც წესი და რიგია, დავაწვინეთ. შემდეგ ვხედავთ, რომ დაახლოებით 15-20 აფხაზს გზაზე გადარბენა უნდა და თან ერთი დაჭრილიც მიჰყავთ. ცხადია, არ მივეცით გზაზე გადასვლის საშუალება, დაჭრილი მიატოვეს და გაიფანტნენ., შემდეგ სწორედ ის 15-20 კაცი გვებრძოდა ჩვენ ოჩამჩირე-სოხუმის გზის იმ მონაკვეთზე. ამის შესახებ ტყვეობაში ყოფნისას გავიგე და ეს მითხრა იმ დაჭრილი აფხაზი ბიჭის ძმამ, რომელიც იმ გზაზე მიატოვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი პოზიციები. 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა ოჩამჩირეში და შეიძლება ითქვას, რომ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ზოგი გენერალი იქით დადგა, ზოგი - აქეთ, ჩვენ კი, გავიხლიჩეთ. ახალდაბა, მართალია, ოჩამჩირის რაიონია, მაგრამ 11-ე ბრიგადას ეკუთვნოდა და აფხაზებს იგი უკვე აღებული ჰქონდათ. მტრისას რაც იქ მოხდა; გადაუარეს ქალებს და ბავშვებს... ვიცით, რომ იგივე ბედი ელის ხვალ-ზეგ კინდღსაც. მაგრამ კინდღს ჯერჯერობით იცავს ის, რომ იქვეა რკინიგზა, რომელიც მაღლობზეა, სადაც ჩვენები არიან გამაგრებულნი და აფხაზებს არ აძლევენ სოფელში შესვლის საშუალებას. ანუ სამი მხარე იყო დასაცავი, თუმცა ზღვიდან, პრინციპში, საშიშროება არ გველოდა, რადგან აფხაზებს ზღვიდან შეტევის საშუალება არ ჰქონდათ, ეს რუსებს უნდა გაეკეთებინათ. ერთი სიტყვით, გზა იყო გასახსნელი. არავისთვის არაფერი მიკითხავს, ისე წავიყვანე ჩემი ბატალიონი, 160 კაცი, ამასთან, თან წამომყვნენ რუსთაველი, გორელი და ხაშურელი ბიჭები. ვერ გეტვით, რომ გზაში დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაგრამ, როგორც კი მივადექით ანუასყურს, აფხაზებმა ზემოდან გაგვიხსნეს ცეცხლი... იქიდან ერთ კილომეტრში კი ტანკი აგვიფეთქეს. არავინ არ ყოფილა იმ გზაზე ჩვენ გარდა, შემდეგ გამოჩნდნენ იქ ყურაშვილი და სხვა გენერლები. არავის არ უნდოდა წინა ხაზზე წასვლა... ბატალიონი ორ ნაწილად გავყავი, 80 კაცი მე დავიტოვე, 80 კი, ჩემს მოადგილეს, მურმან გურჩიანს დავუტოვე. ჩვენ ზღვისპირეთით წავედით, ზღვის მხრიდან გვინდოდა კინდღის გათავისუფლება. ორი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ შორს ადამიანის სილუეტი დავინახე. დურბინდში გავხედე, ჯარისკაცია, მაგრამ არ გინდა იმის გარკვევა, აფხაზია, ქართველი, თურქი თუ ოსმალი?! წავედი მის შესახვედრად. მხარზე ავტომატი მაქვს გადაკიდებული. გავიგე, როგორ თქვეს, რუზგენიაო. რომელი ხარ-მეთქი, დავუძახე, წირღვავა ვარო. გამიხარდა, ზვიადისტი იყო, მაგრამ ომში რამ გაყო ზვიადისტი და შევარდნაძისტი, ომი ომია და ერთად უნდა დავიცვათ საქართველო. 80–ნი იყვნენ. გზა არ ვიცით და დილამდე აქ უნდა დავიცადოთო, მითხრეს. არავითარი გაჩერება, ჩემთან ერთად წამოდით-მეთქი. წამომყვნენ. ლოთმა მითხრა, ორი ბიჭი მყავს, ერთს დაგიტოვებთ, მეორე კი თან უნდა წავიყვანო ფოთშიო. ზვიადისტებს ვეუბნები, რომ გავიდეთ მთავარ გზაზე, საიდანაც აფხაზები მოდიან-მეთქი. უკვე გვესმის ხმა, რომ ჩვენებმა ალყა გაარღვიეს. მაგრამ მიპასუხეს, რომ ლოთისგან ნაბრძანები გვაქვს, ზღვისპირიდან უნდა შევუტიოთო. ჩვკე კინდღელები შემოგვიერთდნენ და გავედით ცენტრალურ გზაზე. შემხვდა გენერალი ყურაშვილი და მითხრა, ტყვარჩელისკენ უნდა შახვიდეთო. ჩემი ბატალიონის ბიჭები მოვიწვიე და ვუთხარი, რაც ყურაშვილმა მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავით. კინაღამ გაგიჟდნენ, არც მათ უნდოდათ უკან დაბრუნება. გუჯარმა ისიც მითხრა, ხომ ხედავ, რუზგენ, რამდენი ხალხია, ნემსი რომ ჩააგდო, მიწაზე არ დაეცემაო — არანაკლებ 5 000 კბილებამდე შეიარაღებული კაცი იყო... გუჯარმა მითხრა, ერთ საათში ჩვენები სოხუმში იქნებიანო. 26 სექტემბერს, დილით, მივედით შტაბში და რას ვხედავთ - შტაბი სავსეა გენერლებით, რომლებსაც იქ, სოხუმში ველი... დათუაშვილი, კიტოვანი, ნიკოლაიშვილი და კიდევ ორი თუ სამი გენერალი იყო. სწორედ იმ დღეს ესროლა კიტოვანმა დათუაშვილს და კინაღამ მოკლა... მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა. გამოვედი შტაბიდან და ვუთხარი ბიჭებს, მივდივარ ტყვარჩელის ასაღებად და გვერდში ვინ ამომიდგებით–მეთქი. სამასი კაცი გამომყვა. მეთაურობა საკუთარ თავზე ავიღე, შტაბი კი ოხურეიში შევქმენით. ტყვარჩელისკენ ტანკებით წასვლაზე უარი ვთქვი, რადგან აუცილებლად აგვაფეთქებდნენ აფხაზები და ფეხით წავედით. იმ მიმართულებით სამი სიმაღლეა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ვერ ავიღეთ, ხოლო ჩვენ კი ნახევარ საათში მოვახერხეთ ამის გაკეთება და ტყვედ ავიყვანეთ აფხაზების შტაბის უფროსი ნური ბოლქვაძე. ვბრუნდები უკან, პოზიციაზე და რას ვხედავ - ის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ სიმაღლეზე დავტოვე, აგერ არ ჭამენ კონსერვებს?! ვკითხე, ვინმე თუ დატოვეთ-მეთქი ზემოთ; არავინ, შენი ბრძანება მოვიდა, რომ სიმაღლე დაგვეტოვებინაო. მაშინ, როდესაც მსგავსი ბრძანება არ გამიცია. დავტაცე ხელი ავტომატს და მარტო დავიწყე ასვლა. 5 კაცი გამომყვა. თურმე, აფხაზებს და ჩვენ ერთდროულად დაგვიწყია იმ სიმაღლეზე ასვლა, ალბათ, იგრძნეს, რომ იქ ჩვენები აღარ იყვნენ. ბილიკით ავდიოდით, ავედი თუ არა, სილუეტი დავინახე, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვკითხე - რომელი ხარ? საპასუხოდ ცეცხლი გაგვიხსნეს. ამ დროს დავიჭერი, თუმცა არაფერი არ მიგვრძნია, პირი გამებერა და სიმხურვალე ვიგრძენი, მივხვდი, სისხლი იყო და ამოვანთხიე. მთელი ტანით ავდექი, ხომ არ ვიტყოდი, რომ დაჭრილი ვიყავი და უკან გადავკოტრიალდი. ამ დროს დანარჩენები შემომხვდნენ, ვუთხარი, რომ დაჭრილი კი ვარ, მაგრამ არაფერი მიჭირს, მე გავალ, დანარჩენებს მიეხმარეთ-მეთქი. ორმა კაცმა მტაცა ხელი, ჩამსვეს ტანკში და წამიყვანეს. ორიენტაციით მივხვდი, სადაც ვიყავით. ამომიყვანეთ-მეთქი, მოვითხოვე და გავხედე სოხუმი-ოჩამჩირის გზას, რომელიც ორი დღის წინათ ხალხით იყო გაჭედილი, აღარავინ აღარ იყო... მიგვატოვეს. როდესაც ტყვეობაში ვიყავი, მაშინ გავიგე, რომ ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, რომელიც, თურმე, ვერა და ვერ გავარღვიეთ, მხოლოდ 80 აფხაზი იდგა და ერთი ტანკი ჰქონდათ, რომელიც მიწაში იყო ჩაფლული, რადგან მოძრაობა არ შეეძლო და რომლის ლულა არც კი ტრიალებდა, ამიტომ პირდაპირ ჰქონდათ დამიზნებული და ისე ისროდნენ. თუმცა, გზა დანაღმული იყო, რათა ჩვენი ტანკები, თუკი იმ გზაზე გაივლიდნენ, აფეთქებულიყვნენ! ეს იყო და ეს! გეკითხებით, ჩვენს 5 000 კაცს 80 კაცი შეაჩერებდა?! მოკვდებოდა ჩვენი, ვთქვათ, ორასი, სამასი, ათასი კაცი, მაგრამ ოთხი ათასი ხომ დარჩებოდა?!“ ავტორი: მიხეილ ბოლქვაძე წყარო: ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#აფხაზეთი
#ომი
#პოლიტიკა
#ოკუპაცია
#sokhumidaily
0