საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება როგორც აფხაზეთზე, ისე ისტორიული შიდა ქართლის მნიშვნელოვან ნაწილზე - სამაჩაბლოზე, ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე.
რას ნიშნავს „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ტერიტორიაზე?
ქართული და უცხოური წყაროები ადასტურებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გვიან შუა საუკუნეებამდე ოსები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. მათი მიგრაცია კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე განპირობებული იყო იმ პოლიტიკური მოვლენებით, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდებოდა. ამავე დროს, გადმოსახლების მიზეზი ბუნებრივ-გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორებიც იყო.
საქართველოში დასახლებამდე, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ოსებთან ქართველ ხალხს დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა. ეს ურთიერთობა ხან მტრული იყო, ხან მეგობრული.
შიდა ქართლის ტერიტორიაზე ოსების დასახლების პირველი მცდელობა იყო XIV საუკუნეში. მათ ისარგებლეს საქართველოს დასუსტებით და მონღოლთა მხარდაჭერით ცდილობდნენ სამოსახლო ადგილების მოპოვებას. მაგრამ გიორგი V ბრწყინვალის მიერ ისინი გაძევებული იქნენ საქართველოდან. ამის შემდეგ ჩაკეტეს ოსეთიდან შემოსასვლელი ორივე კარი (დარიალი, კასრისკარი) და კარგა ხნით შეაჩერეს ოსთა მიგრაცია.
კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ პროვინცია დვალეთში ოსების ჩამოსახლება, კანტიკუნტად, იწყება XV საუკუნეში. XVI- XVII საუკუნეების მიჯნაზე კი, ძირითადად დასრულდა ოსთა მიერ დვალების ასიმილაციის პროცესი.
XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, შიდა ქართლის მთიანეთში, დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ზემო წელში ხდება ოსთა მიგრაცია. თანდათან წამოვიდნენ სამხრეთისკენ და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში აითვისეს ორივე ხეობის მთიანი ნაწილი.
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ოსები შიდა ქართლის მთიანეთიდან ბარის სოფლებში ჩამოდიან.
ჩამოსახლებული ოსები ქრისტიანულ რელიგიას იღებდნენ და ადგილობრივ, მკვიდრ ქართულ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობდნენ. ითვისებდნენ ქართველთა განვითარებულ სამეურნეო და სამწერლობო კულტურას.
რუსეთის იმპერიისაგან თავდახსნილი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერი, მეტ-ნაკლები წარმატებით იგერიებს საბჭოთა რუსეთის მიერ წაქეზებულ ოს სეპარატისტებს.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ქართველი ერის ნების წინააღმდეგ შეიქმნა ავტონომიური ერთეული „სამხრეთ ოსეთის“ სახელწოდებით (1922წ.). ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში ოსურ სოფლებთან ერთად გადავიდა 40 ქართული სოფელი და ერთი ქალაქი (ცხინვალი), რომლებშიც 20 ათასამდე ქართველი ცხოვრობდა, ხოლო ოსური მოსახლეობის რაოდენობა ძალზე მცირე იყო - 1100 კაცი. საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა ხელოვნური და უკანონო იყო.
ტერმინები „სამხრეთ ოსეთი“ და „ჩრდილოეთ ოსეთი“ 1922-1924 წლებში დაკანონდა ავტონომიური ერთეულების შექმნით (სამომავლო მიზანი: „ორი ოსეთის“ გაერთიანება რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში), რაც იმთავითვე გამიზნული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნაღმის როლის შესასრულებლად. ნაღმი კი, ყველას მოგეხსენებათ, ამოქმედდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე.
#პოლიტიკა
#მეცნიერება