რატომ იმყოფებოდა მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი? რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა?
მეზობლების ცნობით სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო. სავარაუდოდ, ხანძარი ფეჩის ღუმელმა გამოიწვია. ოჯახი ხის, ძველ სახლში ცხოვრობდა, რამაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. ამ დროისთვის ცხედრების ექსპერტიზა მიმდინარეობს, დამწვარ სახლში კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ბაღდათის მერის ინფორმაციით სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი ფართით 2012 წელს დააკმაყოფილეს, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ. მისთვის უცნობია თუ რატომ მიიღო დედამ შვილების მიტოვებულ სახლში გადაყვანის გადაწყვეტილება. ოფიციალური ინფორმაციით ოჯახი იღებდა სოციალურ შემწეობასა და უფასო სასადილოს მომსახურებითაც სარგებლობდა.
არსებობს მოსაზრება, თითქოს ოჯახს სოციალური დახმარება მოხსნილი ჰქონდა, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტოში არ ადასტურებენ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ზემოთხსენებული დახმარება, ოჯახს მხოლოდ სამი თვით, კომუნალური კოდის არ არსებობის გამო ჰქონდა შეჩერებული. თუმცა მათ 3 თვის ანაზღაურება დეკემბერში ერთიანად მიიღო.
სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის უცნობია თუ რატომ ან ვისთან იმყოფებოდა ოჯახი ძველ, მიტოვებულ სახლში, რომელშიც ხანძარი გაჩნდა.
#news