ანტიკურ ეპოქაში ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ამცონა იყო სულის უკვდავების დასაბუთება, პლატონის დიალოგში „ფედონი“ გადმოცემულია სოკრატეს ცხოვრების უკანასკნელი დღეები. ფედონი გვევლინება ამ ამბის თვითმხილველად.
სოკრატეს აზრით, სული გარედან არ იღებს ცნებებს, არამედ ის გარკვეულწილად იხსენებს შობამდელ არსებობას მარადისობაში. ესე იგი სული არსებობდა შობამდე და ის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. სოკრატე თვლის, რომ ფილოსოფოსი ყოველივე ხორციელს შორდება და „სულისთვის იღწვის მხოლოდ“. სწორედ მაშინ, სოკრატეს უკვე დაძლეული აქვს სიკვდილის შიში, რადგან მას სწამს სულის უკვდავების, სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ შესაძლებელია შეხვდეს მარადისობის ბინადრებს. მისთვის ცოდნა არის მოგონება, „ხოლო სული ყველაზე უკეთ აზროვნებს მაშინ, როცა არაფერი ამღვრევს მას“, ანუ როდესაც იგი გათავისუფლებულია ხორციელისგან.
„ფედონში“ ასევე განხილულია სულის უკვდავების რამდენიმე არგუმენტი. ყოველი სუბსტანცია მარადიულია, სული სუბსტანციაა, აქედან გამომდინარე, ის მარადიულია. ასევე მარტივი მოუსპობადია, სული კი მარტივია. უზენაესი ღირებულება მარადიულია, სული კი არის სწორედ უზენაესი ღირებულება. სოკრატე მოწაფეებს სულის შესაძლო თავგადასავალზე ესაუბრება სხეულიდან გამოსვლის შემდეგ. თუ როგორ იცოცხლებს სული ჰადესში.