81 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago

5 თებერვალს ნაძალადევის რაიონში კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.

მშენებლობაზე მუშების ჯანმრთელობის დაზიანება და სიკვდილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 2011-2019 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად 393 მუშა დაიღუპა, ხოლო 1097 დაშავდა, მძიმე, მავნე და მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოებს შორის კი სამშენებლო სექტორი დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოში მშენებლობის სექტორში დასაქმებული მუშები დაუცველები არიან, რადგანაც, როგორც წესი, დამსაქმებელი კომპანიები მათთვის ღირსეულ შრომის პირობებს არ ქმნიან. უბედური შემთხვევები ძირითადად იმის გამო ხდება, რომ სამშენებლო კომპანიები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, უგულებელყოფენ კანონის მიერ დადგენილ სტანდარტებს და ხელს უშლიან პრევენციული მექანიზმების ეფექტურ განხორციელებას. მათი დიდი ნაწილი ზოგავს უსაფრთხოების განხორციელებისთვის არსებულ თანხას, არ აწარმოებს მონიტორინგს და არც მუშების სპეციალური ეკიპირებით აღჭურვას აქცევს სათანადო ყურადღებას, მსგავსი გულგრილი დამოკიდებულებები კი ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგი ცვლილებები შევიდა - ბიზნესკომპანიებს უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულებას დაეკისრათ, შრომის ინსპექციას კი უფლება მიეცა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება. ამის მიუხედავად, აღსრულების პროცესს კვლავაც აფერხებს სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაუდევარი მოქმედებები.

შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ასეთ განუკითხავ ვითარებაში მთავარი საშემსრულებლო როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. მათი თქმით, აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება, ინსპექტორთა რაოდენობის ზრდა და გადამზადება, ასევე, პასუხისმგებელი პირების მიმართ რეგულაციებისა და სანქციების გამკაცრება. დარგის სპეციალისტები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებენ დროულად შეიმუშავონ და მიიღონ ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის დანერგვას.

#თბილისი #მშენებლობა #რეგულაცია #მუშა #opinion
Tbilisi Daily
Tbilisi · 7 months ago
10
Write a comment