რა დამსახურება მიუძღვის ქუთაისელ ფემინისტ - კატო მიქელაძეს?
106 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago

კატო მიქელაძე 1878 წლის 18 სექტემბერს დაიბადა სოფელ კულაშში. დედის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ, მამა სახლიდან წავიდა და პატარა გოგონა მოხუცი ნათლიის იმედად რჩება. დაწყებითი განათლება მან წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიღო.

1900 წელს კატომ დაამთავრა საბებიო ინსტიტუტი და სამუშაოდ ცხინვალში გაემგზავრა. აქვე იგი უახლოვდება მესამედასელთა საზოგადოებას და ერთვება რევოლუციურ მოძრაობაში.

1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (მარიამ დემურიას და ნატო გაბუნიას რეკომენდაციით) კატოს მოსკოვში აგზავნის პედაგოგიურ კურსებზე სასწავლებლად, მაგრამ იქიდან 1906 წელს, სოფიო ამირეჯიბისა და ალექსანდრე ხახანაშვილის დახმარებით, ევროპაში მიემგზავრება.

ბრიუსელის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქათა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.

1916 წელს სამშობლოში დაბრუნებულ იკატო მიქელაძე იწყებს თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლას.

1917-18 წლებში მან უკვე ჩამოაყლიბა რეგიონული ქსელი „ქალთა ლიგა“, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამავე პერიოდში იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს `ხმა ქართველი ქალისა~, სადაც კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემებისი მთელი პალიტრა.

„არსებულ უსამართლობასთან საბრძოლველად საჭიროა ქალებისათვის არა მამაკაცების კუდში დევნა, არამედ თავიანთი ინდივიდუალურობის განვითარება, რომ პოულობდნენ სულიერ კმაყოფილებას თავიანთი პიროვნული სიმაღლით, რათა ორთავე სქესის აზროვნებისა და აქტიურობის განვითარებით შესაძლო იყოს იმ სიცარიელეს აღმოვსება, რომელიც ერთი სქესის გონებრივმა და სულიერმა მოქმედობამ წარმოშვა. და როდესაც ჩვენ უფლებებისათვის მებრძოლი ქალები მოვითხოვთ ეროვნულსა და მოქალაქეობრივ ყოველ უფლებას და ვებრძვით ქალთა ადამიანური უფლების მტრებს, ჩვენ ვებრძვით არა ადამიანს მამაკაცის სახით, არამედ იმ ტრადიციულ უსამართლობას, რომელიც მამაკაცთა უმრავლესობას შეუთვისებია და რომელსაც მიყავს ერის ნახევარი ნაწილი გონებრივ და სულიერ გამოფიტულობამდე. ჩვენ არ გვსურს ამ დუხჭირ მდგომარეობაში კვლავ დარჩენა და რაც არ უნდა მოხდეს, თავი უნდა განვითავისუფლოთ მისგან.

ჩვენ მოვითხოვთ სამართალს და არა შურისძიებას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირია თითეული პატიოსანი და სამართლიანი მამაკაცის გაგება და თანაგრძნობა და არა იმის ყიჟინი, ვითომ სუფრაჟისტ ქალებს მამაკაცები გვძულდეს და მათგან გათიშვას მოვითხოვდეთ, როგორც ამას გაიძახიან ანტისუფრაჟისტების ამყოლი ბრბო. სუფრაჟისტ ქალებში არსებობენ მრავალი დედები, ცოლები, შვილები და დები მამაკაცებისა, რომელთ გულშიაც ბუდობს უკეთესი გრძნობა-სურვილები უკანასკნელთადმი, მაგრამ რომელთაც ამავე დროს არ ავიწყდებათ თავიანთი ადამიანური პიროვნებაც და მოითხოვენ მისთვის შესაფერ უფლებასაც.

ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით და ვიცით აგრეთვე ფასი და მისწრაფება ჩვენი უფლების მტერთა, რომ მათმა ცილის წამებამ შეგვაკრთოს, რასთვისაც დაჟინებით მოვითხოვთ ქალთა კავშირის სიძლიერესა და სიმტკიცეს ქალთა თვით მოქმედებისა და აქტიურობის აღსადგენათ.“ (გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, 1918, N32).

სამწუხაროდ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაზეთი დაიხურა. ბოლშევიკური ტერორის ეპოქამ კი კატო მიქელაძე და თანასწორობის ერთგული სხვა ქალთა იდეები „ისტორიის ნაგავსაყრელზე“ მოისროლა, როგორც „ბურჟუაზიული გარყვნილების“ მაგალითი.

კატო მიქელაძე განსაკუთრებულ პატივს სცემდა ეკატერინე გაბაშვილის მოღვაწეობას, მის ამაგს ქალთა ემანსიპაციისა და მათი განათლების უფლების მოპოვების საქმეში. ამიტომ ხშირად სტუმრობდა მას და ეთათბირებოდა 10-იანი წლების საქართველოში ქალთა მოძრაობის გასაფართოებლად.

30-იან წლებში კატო მიქელაძე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, იგი 1942 წელს გადაიცვალა. პროცესიას სულ რამდენიმე ადამიანი მიუყვებოდა: ირინე და ნიკოლო იუშკოვები, პოეტი ანდრო თევზაძე და მარიამ გარიყული.

კატოს საფლავი დაკარგულია.

________________

თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.

Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.

აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:

#ფემინიზმი #ფემინისტი #საზოგადოება #kutaisidaily

წყარო -

#პოლიტიკა
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 month ago
1
Write a comment
Similar Posts